ჯეფ კუნსი, რიჩარდ პრინსი, ტაკაში მურაკამი, იაიოი კუსამა – იმ არტისტესტის არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც Louis Vuitton-ს წლების განმავლობაში უთანამშრომლია. სწორედ მოდის სახლის კოლაბორაციებზე ორიენტირდება ახალი საგამოფენო სივრცე, სახელწოდებით “LV Dream,” რომლის კარიც დამთვალიერებლებისთვის 16 ნოემბრიდან გაიღება. მისი მონახულება ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება პარიზში, Rue du Pont Neuf-ზე მდებარე მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში, იქ, სადაც Louis Vuitton-ის სათაო ოფისი არის განთავსებული.

საგამოფენო სივრცე ცხრა ოთახად იქნება დაყოფილი და ნაჩვენები იქნება Louis Vuitton-ის სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით მიღებული შედეგები. ადგილზე ასევე მოწყობილი იქნება კაფე და შოკოლადის მაღაზია, რომლებსაც LVMH-ის მფლობელობაში არსებული სასტუმრო “Cheval Blanc”-ის შეფი მაქსიმ ფრედერიკი უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, სტუმრებს დახვდებათ საჩუქრების მაღაზიაც, სადაც შეეძლებათ შეიძინონ მცირე ზომის ტყავის აქსესუარები, სუნამოები, წიგნები და ექსკლუზიური “LV Dream”-ის ლოგოიანი პროდუქტები.

დროებითი გამოფენის მონახულება კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ შესვლა უფასოა, საჭირო იქნება ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა, თუმცა ეს არ ეხება კაფეს, შოკოლადისა და საჩუქრების მაღაზიებს. ვიზიტი Louis Vuitton-ის ვებ-საიტზე უნდა დაიჯავშნოს. ბრენდი “LV Dream”-ის სტუმრებს ინტერაქციული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ჰპირდება.