დღეს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული Balenciaga-ს 2023 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება ქანიე უესტმა გახსნა. მოდელის ამპლუაში მისი ხილვა სხვა შემთხვევაში შესაძლოა გასაკვირი ყოფილიყო, მაგრამ ქანიეს ფრანგულ მოდის სახლთან და მის კრეატიულ დირექტორ დემნასთან ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ბალენსიაგას პოდიუმზე მისი გამოჩენა მოსალოდნელიც კი იყო.

თუმცა უახლოეს პერიოდში ბალენსიაგას ჩვენებაზე ქანიეს გამოსვლა არ იქნება ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის მოდის ენთუზიასტების ყურადღების ცენტრში მოექცევა. BOF ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუსიკოსი და დიზაინერი ორშაბათს, შუადღეს თავის ახალ კოლექციას წარადგენს. ჩვენება პარიზის მე-8 უბანში გაიმართება და მასზე მხოლოდ 50 ადამიანი იქნება მიწვეული.

ამ ეტაპზე კოლექციასთან დაკავშირებით ბევრი დეტალი უცნობი რჩება, მათ შორის, Adidas-თან მიმდინარე დავის პროცესში, იქნება თუ არა კოლექცია ბრენდირებული, როგორც Yeezy. მაგრამ ცნობილია, რომ მის შესაქმნელად ქანიე სხვა დიზაინერებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის Hood by Air-ის შეინ ოლივერთან.