მოდის ფოტოგრაფებსა და დიზიაიერებს შორის თანამშრომლობის არაერთი დიდებული მაგალითი არსებობს. ორი შემოქმედებითი ხედვის შერწყმის შედეგი მარადიული კადრებია, რომლებიც ყოველთვის იწვევს აღტაცებას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელია მათი გადაღებიდან გასული.

პარიზი ამჯერად აზადინ ალაიას და პიტერ ლინდბერგის პირად და პროფესიულ თანამშრომლობას მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. Fondation Azzedine Alaïa-ში ლინდბერგის გადაღებული შავ-თეთრი ფოტოების გვერდით ასევე წარმოდგენილია სამოსი, რომლებიც მათზე გამოსახულ ადამიანებს აცვიათ.

“პიტერი და მე ერთმანეთს მას შემდეგ ვიცნობთ, რაც კარიერა დავიწყე. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ლაპარაკიც კი არ გვჭირდება. ყველაფერი თავისით მოდის.”

აზადინ ალაია
Azzedine Alaïa & Linda Spierings, 1986 © Peter Lindbergh Foundation

ლინდბერგის ვაჟის, ბენჟამინის, თქმით, (რომელიც 10 წლის განმავლობაში საკუთარ ფოტო-სტუდიას ხელმძღვანელობდა, ახლა კი პიტერ ლინდბერგის ფონდს უძღვება) მამამისისა და გერმანელი ფოტოგრაფის მეგობრული ურთიერთობა დასაბამი გახდა საქმიანი თანამშრომლობისა, რომელიც ოთხი ათწლეული გაგრძელდა.

“მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: ორი უცხო ადამიანი ოცნებების ასახდენად ჩადის პარიზში,” – ამბობს ის. “ისინი აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევარს და დაბრკოლებების წარმოქნის არავითარი სურვილი გააჩნდათ. აზადინმა რამდენჯერმე სთხოვა პიტერს თავისი კოლექციების გადაღება, მაგრამ ყოველთვის სრულ თავისუფლებას აძლევდა. იცოდა, რომ თავისი ტანსაცმელი კარგ ხელში იყო.”

აღსანიშნავია, რომ საგამოფენო სივრცეში ერთი სექცია მთლიანად თინა თერნერს ეთმობა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე ხშირად ჩნდებოდა ლეგენდარული დიზაინერის სამოსით.

Azzedine Alaïa & Tina Turner, 1989 © Peter Lindbergh Foundation

თინას გარდა, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამოფენის ყურადღების ცენტრში ექცევიან, ვხვდებით მოდელებს: ტატიანა პატიცს, ნაომი ქემბელს, ვანესა დიუვს და მარი-სოფი უილსონს.

“ისინი ორივე პორტრეტისტები იყვნენ,” – განაცხადა გამოფენის კურატორმა ოლივიე საიარმა. “იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებულებით ერთმანეთს ჰგავდნენ – ლინდბერგი შავ-თეთრზე იყო კონცენტრირებული, აზადინი კი შავი სამოსისკენ მიდრეკილი – ორივეს უყვარდა ლამაზი ქალები და უნდოდათ მათი სახეები გამოეკვეთათ და არ დაეჩრდილათ ისინი.”

გამოფენა ხუთშაბათს გაიხსნა და მისი დათვალიერება 14 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.