ცოტა ხნის წინ მარტინ მარჯიელას ფანებისთვის სასიხარულო სიახლის შესახებ გავრცელდა – 2021 წელს მისი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. საუბარია ნამუშევრებზე, რომლებიც აქამდე არასოდეს გვინახავს.

გამოფენა, სახელწოდებით – „Martin Margiela“ ბელგიელ დიზაინერს გაგვაცნობს, როგორც არტისტს. მასზე წარმოდგენილი იქნება მარჯიელას სკულპტურები, ფოტოები და ინსტალაციები. „ეს გამოფენა წარმოაჩენს იმ აზრს, რომ მარტინ მაჯიელა ყოველთვის არტისტი იყო, რომლის შემოქმედებაც მუდმივად ვითარდება, ხელოვნების სამყაროში თუ მის გარეთ,“ – აღნიშნულია Lafayette Anticipations-ის წარმომადგენლის განცხადებაში.“ ის ყოველთვის ახლებურად გვანახებს რაღაცებს. ნორმების გადახვევით, ის თავდაჭერილი ადამიანების, მიტოვებული ობიექტების, მივიწყებული ადგილების და შემთხვევების მიმართ ობსესიას ანვითარებს, მათ ახალ დიდებას სძენს.“
„Martin Margiela“ პარიზში, Lafayette Anticipations-ში მოეწყობა და მასზე დასწრება 25 აპრილიდან 25 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.