ენდი უორჰოლის შემოქმედებით კარიერაში ფოტოგრაფია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. არტისტისათვის ხელოვნების ეს ფორმა დიდი გატაცება იყო. სხვადასხვა არქივში, უორჰოლის გადაღებული არაერთი კადრი ინახება – მათ შორის პოლაროიდები, რომელთა ნაწილი საჯარო სივრცეში არასდროს გამოფენილა. ფოტოები აერთიანებს, როგორც მისი ცნობილი მეგობრებისა და კოლეგების პორტრეტებს, ასევე ავტოპორტრეტებს და ქუჩაში გადაღებულ, შემთხვევით დოკუმენტურ კადრებს.
სწორედ ენდი უორჰოლს, როგორც ფოტოგრაფს მიეძღვნება გამოფენა, რომელიც პარიზის კერძო გალერეაში Galerie Italienne-ში გაიმართება. წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იქნება პირად წვეულებებზე გადაღებული კადრები, პორტრეტები, შავ-თეთრი ე.წ სნეფ შოტები. გამოფენა 2021 წლის 2 მარტს გაიხსნება და ამავე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება.