კიმ ჯონსმა თავისი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ფრანგული ბრენდების სათავეში გაატარა. ის ლუი ვიტონის კაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო, ახლა იგივე თანამდებობას დიორში იკავებს, თუმცა კიმი ამაყი ინგლისელია. დიორში მისი ახალი ჩვენება საკულტო ინგლისელ არტისტს, ჯუდი ბლეიმს მიეძღვნა.
„16 წლის ვიყავი, როდესაც ჯუდის კლუბში შევხვდი. დღემდე მაქვს ბარათი, რომელიც მომცა. ის გამაოგნებელი იყო, მაგრამ საშიშიც.” – კიმ ჯონსი.
ჯუდი ინდუსტრიის საყვარელი პანკ სტილისტი, აქსესუარების დიზაინერი, ფოტოგრაფი, ხელოვანი იყო, რომელიც კონსერვატულ შეხედულებებს მთელი კარიერის განმავლობაში იწვევდა. ჯუდის სტილის განსაკუთრებულობა ხშირად აბსურდული, ერთმანეთთან შეუსაბამობაში მყოფი დეტალების გონივრულად შეხამებაში და რისკის უნარში გამოიხატებოდა.
დიორის მამაკაცის 2020 წლის კოლექციაში აქსესუარების სიმრავლე, ბერეტები, ფემინურის და მამაკაცურის მიქსი იდეალურად წარმოაჩენდა ჯუდი ბლეიმის პერსონას. ნუ დავივიწყებთ, რომ ამ უკანასკნელმა ქალის სახელი სპეციალურად დაირქვა, რათა ხალხში დაბნეულობა გამოეწვია.
შოუ ინგლისელი ვარსკვლავების სიმრავლით გამოირჩეოდა. წინა რიგში პოზირებდნენ: ვიქტორია და დეივიდ ბექჰემები ვაჟთან ერთად, ქეით მოსი ქალიშვილთან ერთად, რობერტ პეტინსონი, კარა დელევინი და ადვოა აბოა.
პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე კიმ ჯონსის დიორის სელებრითების არმიას მხოლოდ ერთი ბრენდი შეიძლება უწევდეს კონკურენციას. ეს ბრენდი, რა თქმა უნდა, ლუი ვიტონია.
გასული წლის შემოდგომაზე, ლუი ვიტონის კაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ვირჯილ აბლომ, რომელიც ოფ-უაითის ხელმძღვანელიც არის, ექიმის რეკომენდაციით მოდის გიჟური ციკლიდან შესვენების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ვირჯილი დაბრუნდა, დამშვიდებული და ახალი ათწლეულისთვის მოტივირებული.
“ქუჩის სტილის დრო დამთავრდება. განა რამდენი მაისურის, ჰუდის, კედის ქონა შეგვიძლია?” თქვა დიზაინერმა ახალ ინტერვიუში და ლუი ვიტონში თავისი ყველაზე დახვეწილი ნამუშევარი შემოგვთავაზა.
სიმშვიდე სტუმრებმა ლოკაციაზე მისვლიდან რამდენიმე წამში შეიგრძნეს, როდესაც ცისფერ ოთახში ღრუბლების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ჩვენება მოულოდნელი შემოთავაზებით გაიხსნა, კლასიკური სილუეტები ვირჯილ აბლოს პოდიუმზე. ლუი ვიტონში თავის მეოთხე ჩვენებაზე აფრო-ამერიკელმა დაამტკიცა, რომ მზად არის კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და ჰუდი კოსტუმით ჩაანაცვლოს.