„რეი კავაკუბოსთან ჩემი თანამშრომრომლობა დიდი ხნის წინ დაიწყო და მასთან მუშაობა ყოველთვის ახალი შთამაგონებელი თავგადასავალია,“ – ამბობს ლეგენდარული ფოტოგრაფი პაოლო როვერსი, რომელიც თავის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კოლაბორაციას ახალი გამოფენით აღნიშნავს.

პაოლო რეის პირველად ოთხმოციან წლებში შეხდვა, როცა დიზაინერმა პარიზის სასტუმროში რევოლუციური ჩვენება გამართა. კლოდ მონტანას და თიერი მუგლერის დომინაციის პერიოდში, პაოლოსთვის, ისევე როგორც სხვა ყველასთვის, გამაოგნებელი აღმოჩნდა მისი შემოქმედება. „რეი კავაკუბომ და იოჯი იამამოტომ ბევრი რამ შეცვალეს,“ – ამბობს ფოტოგრაფი. „რეი კიდევ უფრო რევოლუციონერი იყო – მის ჩვენებაზე ნახვრეტებიანი სვიტერები, უცნაური ფეხსაცმელები იყო. გრძნობდი, რომ რისკავდა. ისეთი მიმართულებით წავიდა, სადაც მანამდე არავინ წასულა. ყველაფერი განსხვავებული და ახალი იყო.“

სწორედ ამ დეკადაში დაიწყო პაოლომ რეისთან ერთად კატალოგების კეთება, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო და ეს ბრწყინვალე თანამშრომლობა ორმოცი წლის შემდეგაც გრძელდება. ნდობაზე დაფუძნებული სამუშაოს შედეგი შთამბეჭდავია და მისი ადგილი მართლაც სამუზეუმო სივრცეებშია.

„სრული თავისუფლება მაქვს ვაკეთო ის, რაც მინდა,“ – აღნიშნავს პაოლო. „რეი არავითარ ინსტრუქციას არ იძლევა და არც არანაირ წესებს მიწესებს. ის საშუალებას გაძლევს თავისი იდეების შენებური ინტერპრეტაცია მოახდინო და ეს დღესაც ასეა. ის არ შეცვლილა.“

ორივე შემოქმედს ერთი მნიშვნელოვანი რამ აქვს საერთო: ინდივიდუალიზმი, რომელიც თავიანთ ყოველ ქმნილებაში ვლინდება და ჩამოყალიბებული ხელწერის საშუალებით ფარდოდ არის ცნობილი.

„რეისგან ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში, თავისუფლება და გარისკვის იდეა – ეს მუშაობის საუკეთესო გზაა. როცა საკუთარ თავს იმეორებ და შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, შენი სისტემით უკმაყოფილო ხარ და იკარგები. შენ არ ქმნი.
რეი ყოველთვის ახალ ჰორიზონტებს იკვლევს: ახალ ხაზებს, ახალ ფერებს, ახალ ტექსტურებს, ახალ ფორმებს, რაც საკმაოდ მასტიმულირებელია, რადგან გაფიქრებს, სხვა მხარეს გახედებს და ეს ყოველთვის ამაღელვებელია.“

პაოლო როვერსი
© Dallas Contemporary

Paolo Roversi: Birds დენის ფრიდმენის და პიტერ დოროშენკოს კურატორობით Dallas Contemporary-ში მოწყობილი გამოფენაა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს ოთხი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი როვერსის გადაღებული ორმოცზე მეტი შესანიშნავი კადრი იხილოს. რამდენიმე მათგანის ნახვა პირველად იქნება შესაძლებელი.

„თითოეული კადრი საკვირველი გამოდიოდა,“ – ამბობს როვერსი. „რეის შემოქმედება იმდენად ინოვაციურია; ის ყოველ ჯერზე რაღაც ახალს და განსხვავებულს ქმნის. ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვცდილობ, რადგან რეისთვის არ შემიძლია რაღაც ნორმალურის ან ჩვეულებრივის გაკეთება.“

გამოფენა „ჩიტები“ 30 იანვარს გაიხსნა და მისი მონახულება 2021 წლის 22 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი. როგორც პაოლო ამბობს, რეი შემოქმედება მისთვის უდიდესი ინსპირაციაა.

„ყოველ ექვს თვეში რეი პატარა რევოლუციას იწყებს იმით, რასაც აკეთებს. ეს წარმოუდგენელია. რეის ყველა ნამუშევარი თავისუფლების, სივრცის განცდით შთამაგონებს. ისინი მფრინავ ჩიტებს ჰგავს, რომლებსაც წინ მაგიური ქარი სწევს და ჩემს გონებასა და გულსაც იწვევენ, რომ მათთან ერთად იფრინონ.“