პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ციფრულ ფორმატში მეთიუ უილიამსის Givenchy-ის პირველი შოუ მოეწყო. რა აზრიც არ უნდა გაგჩენოდა კოლექციასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია იმდენად ენერგიული და ეფექტური გამოდგა, რომ რთული იყო მის მიმართ გულგრილი დარჩენილიყავი. შთაბეჭდილებას ახდენდა ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენება იწვევდა.

ანდერგრაუნდ განწყობა შოუში ჩვენს ჩართულობას განაპირობებს და მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაზე დაკვირვება რთულ ამოცანად დაგვისახეს, ათი წუთის განმავლობაში უილიამსის შექმნილი ახალი სამყაროს ნაწილი ვხდებით.

“კოლექცია მრავალმხრივ წარმოადგენს ორ სამყაროს შორის არსებულ მუდმივ დაძაბულობას,” – ამბობს მეთიუ, “ის რთულ ვითარებაში პერსონალური საზრისის პოვნას შეეხება; ის უფრო მეტად ჩვენს საქმეში არსებულ გულწრფელობაზეა, ნაცვლად სტრატეგიისა. გვინდოდა სამოსსა და ლუქებში სიზუსტესთან, ელეგენტურობასა და ექსტრავაგანტულობასთან ერთად რეალობის განცდაც ყოფილიყო. ჩვენთვის მოდა, პირველ რიგში, ყოფნა, გრძნობა და კავშირის დამყარება უფრო არის, ვიდრე თამაში, რომელიც უნდა ვითამაშოთ. ის თითქოს ემოციით აღვსილი ყოველდღიურობის უკვდავყოფაა-მუსიკას ჰგავს, რომლის ჩაცმაც შეგიძლია.”

ახალი Givenchy-ის სოციალური მედია კამპანია ცნობილი ადამიანებისა და ინფლუენსერების მიერ აქტიურად გრძელდება და ბრენდის სამიზნე აუდიტორიად უპირველესყოვლისა თაობა Z-ს აქცევს. სპორტულ სამოსთან უხვად გამოყებული ყალბი ბეწვი, tailored ლუქები, ფეხსაცმლის ახალი თამამი სილუეტი, რომელიც ალექსანდრ მაკქუინის საკულტო ‘არმადილოებს’ მოგვაგონებს, ამოჭრილი ბიუსჰალტერები, ბალაკლავები, ნაქსოვი დესტრუქციული კაბები და უილიამსის ხელწერად ქცეული ჯაჭვები აყალიბებს საკულტო მოდის სახლის განახლებულ იმიჯს, რომლის მთავარ იდეას დაარსების დღიდან ელეგანტურობა წარმოადგენდა. 

Givenchy შემოდგომა/ზამთარი 2021