ოლივერ რუსტანი Jean Paul Gaultier-ის ახალი მიწვეული დიზაინერია. 2020 წლის იანვარში ჟან პოლ გოტიემ თავისი ბოლო ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება გამართა, შემდეგ კი, მოდის სახლი ოპერირების ახალ მოდელზე გადაიყვანა. ფრანგი კუტიურიეს ინიციატივით, ყოველ სეზონზე, გოტიეს ბრენდი კოლექციის შესაქმნელად სხვადასხვა დიზაინერს იწვევს. შედეგად, ჩვენ უკვე ვიხილეთ Sacai-ის ჩიტოსე აბეს და Y/Project-ის გლენ მარტენსის კოლექციები Jean Paul Gaultier-ისთვის.
როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მომავალ სეზონზე, გოტიეს ბრენდის ქვეშ ბალმანის კრეატიული დირექტორის, ოლივერ რუსტანის ოტ-კუტიურ კოლექციას ვიხილავთ.
თები მაგუგუ AZ Factory-ის პირველ მიწვეულ დიზაინერად დასახელდა. ჟან პოლ გოტიეს მოდელის მსგავსი პროექტი წარადგინა ალბერ ელბაზის კომპანიამ, რომელსაც შვეიცარიული კონგლომერატი Richemont ფლობს.
გოტიესგან განსხვავებით, AZ Factor ახალგაზრდა ნიჭიერ სახეებთან თანამშრომლობაზე ორიენტირდება. კომპანია მიზნად ისახავს დამწყები დიზაინერებისთვის საჭირო რესურსის და პლატფორმის მიცემას. თები მაგუგუ ახალგაზრდა დიზაინერია სამხრეთ აფრიკიდან. AZ Factory-ისთვის მისი პირველი კოლექცია გაყიდვაში ივნისში გამოვა.
LVMH, შესაძლოა, რალფ ლორენთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კონგლომერატი, LVMH ამერიკული ბრენდის შეძენითაა დაინტერესებული. ჭორებს ინდუსტრიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ჯერ-ჯერობით არცერთ მხარეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, LVMH -მა აქსესუარების საკულტო ამერიკული ბრენდის, Tiffany & Co-ს შეძენის პროცესი დაასრულა.
მაქსიმილიან დავისი Salvatore Ferragamo-ს შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებული ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში LVMH Prize-ის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მოექცა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ათწლეულში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ფერადკანიანი დიზაინერი ისტორიული მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.