წელს მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის, Vogue-ის, დაარსებიდან 130 წელი გადის. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება მოეწყობა. “VOGUE World: New York” მოიცავს მოდურ ჩვენებას, რომელზეც სხვადასხვა მაღალი მოდის ბრენდის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები იქნება წარმოდგენილი.

მიწვეული სტუმრების გარდა, ჩვენებაზე დასწრებას შეძლებენ ის მსურველებიც, რომლებიც ბილეთებს ონლაინ შეიძენენ. მათი ღირებულება $130-დან იწყება და $3,000-მდე აღწევს. მაღალი ფასის ბილეთების მფლობელები გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ, მაგალითად, ექნებათ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ვოგის რედაქტორებს. ღონისძიება გაშუქდება ლაივ-რეჟიმშიც.

ჩვენებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ ქუჩაში განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ღონისძიებისთვის შეზღუდული რაოდენობით შექმნილი ნივთებიც შეიძინონ. გასაყიდად სამოსსა და აქსესუარებს ისეთი საცალო მოვაჭრეებიც წარადგენენ, როგორებიცაა: Moda Operandi, Mytheresa, Net-a-Porter, Nordstrom და Ssense.
“მოდა იცვლება და ვოგი ამის აღსანიშნავად რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს – მოდური ჩვენება ქუჩის ვაჭრობასთან თანხვედრაში მოდის, რაც ახლა ჩვენი საზოგადოების კრეატიულ სულისკვეთებას ასახავს. ნიუ-იორკი ამისთვის სრულყოფილი ადგილია – ეს არის ქალაქი, რომელიც ისეთივე დაუღალავი, დინამიური და გამოცოცხლებულია, როგორიც დღეს მოდაა.”
– ანა ვინტური, Condé Nast-ის მთავარი კონტენტ ოფიცერი და Vogue-ის გლობალური სარედაქციო ხელმძღვანელი
Balenciaga, Dior, Gucci, Valentino, Ralph Lauren, Burberry, Coach, Michael Kors – იმ მოდის სახლების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც 12 სექტემბერს მანჰეტენზე მოწყობილ პოდიუმზე ვიხილავთ. შოუს სთაილინგზე Vogue-ის კონტრიბუტორი რედაქტორი ალექს ჰარინგტონი იზრუნებს.