მარკ ჯეიკობსი
18 წლის წინ,2001 წლის 10 სექტემბერს, მარკ ჯეიკობსი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე თავის მორიგ ჩვენებას ატარებდა. კოლექცია ისეთი იყო, როგორიც მარკი : ლაღი, მხიარული, თავისუფალი, სიცოცხლით სავსე. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე საათში ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დილა გათენდებოდა. იმ დღის შემდეგ არაფერი ყოფილა ისეთი, როგორიც მანამდე, მათ შორის არც ამერიკული მოდა და დიზაინერები. 18 წელი გავიდა „ტყუპების“ ტერაქტიდან. შემზარავი ტერორისტული აქტით გამოწვეული ემოციები და გრძნობები არ განელებულა.ეს არის ტრაგედია, რომელიც ამერიკელებთან ერთად მთელ მსოფლიოს ყოველ წელს ახსენებს თავს. თავისი 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შექმნისას, მარკს სურდა შეენარჩუნებინა მუხტი,რომელიც 2001 წლის 10 სექტემბერს ჰქონდა, სანამ ისტორიაში ჩაეწერებოდა 9/11.
ახალი კოლექცია სიცოცხლის ზეიმია მოდის მაქსიმალისტური გამოვლინებით. რამდენიმე სეზონია მარკის კოლექციები დატვირთულია დიდი ფორმებით, ფერებით და ფრიალა ქსოვილებით. თუ მის ახალ ნამუშევარს ამ კუთხით შევხედავთ, ცვლილების დანახვა რთულია, მაგრამ თვალშისაცემია მაკიაჟი და ვარცხნილობა, რომელიც ჯეიკობსის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ლუქს საინტერესოს ხდის. შესაძლოა „ბიუთი“ მარკის და ლეგენდარული პატ მაკგრათის განწყობის ნაწილია, თუმცა HBO -ს ახალი თინეიჯერული დრამის, „ეიფორიის“ გავლენა მეტნაკლებად შესამჩნევია.
Marc Jacobs – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი. მაკიაჟის არტისტი: პატ მაკგრათი.


კაია გერბერი Marc Jacobs -ის გაზაფხული/ზაფხული 2020 წლის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 12 სექტემბერი.




ბელა ჰადიდი Marc Jacobs -ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 12 სექტემბერი.

კოლექცია სრულად – Marc Jacobs S/S 2020
მაიკლ კორსი
პატრიოტული სულისკვეთება იგრძნობოდა ამერიკული მოდის კიდევ ერთი პიონერის კოლექციაში. მაიკლ კორსის ჩვენება ოპტიმიზმზე იყო დაფუძნებული, რომელიც თანამედროვე სამყაროს ასე ძალიან სჭირდება. პოლიტიკურად, ეკონომიკურად, თუ სოციალურად, ჩვენ ძალიან მძიმე მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება და დღის ბოლოს, რაც გვაძლევს ძალას, რომ არ დავნებდეთ, ოპტიმიზმი და იმედია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორედ ეს იყო მაიკლის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ამერიკაში აქტუალურ ემიგრაციის საკითხთან ერთად.
ზაფხულში კორსი Ellis Island – ს ეწვია. ეს არის ადგილი, სადაც დიზაინერის ბებია და ბაბუა ემიგრაციით პირველად ჩავიდნენ ამერიკაში. სწორედ ამით აიხსნება მეზღვაურების ქუდები, ლურჯი მაისურები, რომელზეც თეთრად დაწერილ „სიძულვილს“ წითელი ხაზი კვეთს, ვარსკვლავები და ჩანთები ღუზებით. კოლექცია მეტწილად ამერიკის დროშის ფერებშია: მუქი ლურჯი, წითელი, თეთრი.
Michael Kors – 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.




კოლექცია სრულად – Michael Kors S/S 2020