ის უცნაური განცდა, რომელიც იმ ადგილას ვიზიტისას გეუფლება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილხარ და იმ მოგონებების გაცოცხლება, რომლებიც ბავშვობასთან გაკავშირებს Khaite-ს (წარმოითქმის როგორც ‘ქეითი’) დიზაინერ კატრინ ჰოლსტეინისთვის კოლექციის შექმნის მთავარ შთაგონების წყაროდ იქცა. ორი დეკადის შემდეგ ის პირველად ეწვია ვუდსტოკში, ვერმონტში, მდებარე თავისი ბებიის სახლს, რომელზეც განვლილ წლებს არავითარი კვალი არ დაეტოვებინა.

„როგორც კი შიგნით შევედი ემოციების ტალღა მომაწვა. ვუყურებდი იმას, რაც უკანასკნელად 25 წლის წინ ვნახე, არაფერი შეცვლილიყო, ზუსტად ისეთივე დამხვდა.“

Khaite Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com

კატრინი ეცადა, რომ თავისი განცდები აესახა კოლექციაში, რომელიც ამერიკული მოდისთვის გამომაცოცხლებელი ჰაერივითაა. ნოსტალგიით გაჟღენთილ არც ისე მსუბუქად აღსაქმელ კოლექციაში მან ერთმანეთს პლედები და ტიული შეუთავსა, სვიტერების და ჯინსების სახით კომერციული ნაწილები წარმოადგინა, შეხსნილი ღილებით და ზამშის ჟაკეტებით ამერიკულ სტილს მიაგო პატივი, სტრუქტურული მკლავებით და მოცულობასთან თამაშით კი სიახლეების ძიებისკენ თავისი მისწრაფება დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებას თმის აქსესუარების გარეშეც არაფერი დააკლდებოდა, ქეითის მეორე საპოდიუმო კოლექცია აშკარას ხდის ჰოლსტეინის პოტენციალს. მას აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება დამწყებ დიზაინერს მოვთხოვოთ – ნიჭი, სახასიათო ხედვა და განვითარების პერსპექტივა.

Khaite Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com

ბრენდ ჰელმუტ ლენგის ისტორია თხუთმეტი წლის წინ დიზაინერ ჰელმუტ ლენგის მოდიდან წასვლის შემდეგ დასრულდა. თუმცა 2019 წელს კვლავ სასოწარკვეთილად ცდილობენ იმ სახელის გამოყენებას, რომელიც ახლა უკვე მხოლოდ გარკვეული ეპოქის გამოხატულებაა. შეინ ოლივერის ბრენდთან მოკლე, არშემდგარი თანამშრომლობის შემდეგ, მარკ ტომასმა და ტომას ქოუსონმა ჰელმუტ ლენგისთვის შექმნილ თავიანთ მეორე კოლექციაში თითქმის ყველა ის ძირითადი კოდი გამოიყენეს, რომელთა საშუალებითაც ამ სახელს საკულტო მნიშვნელობა მიენიჭა და მილენიალებისთვის დღესაც სასურველია. მაგრამ სხვისი შეხებით ჰელმუტ ლენგი cool არ არის, არც უნიკალური, ის უბრალო და არაბუნებრივია.

Helmut Lang Spring 2020 © Filippo Fior / Gorunway.com
Helmut Lang Spring 2020 © Filippo Fior / Gorunway.com
Helmut Lang Spring 2020 © Filippo Fior / Gorunway.com