გასული ათწლეულის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა, სკანდალურმა და განხილვადმა რეპერმა, ნიკი მინაჟმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. გუშინ ნიკიმ ტვიტერით გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ მუსიკიდან მიდის და ოჯახზე კონცენტრირდება. მინაჟს არ დაუკონკრეტებია წასვლა დროებითია, თუ სამუდამოდ თქვა სასცენო კარიერაზე უარი, მაგრამ ცხადია, რომ უახლოესი რამდენიმე წელი მაინც, ნიკი მიკროფონს გვერდით დებს და თავის მთელ დროს ოჯახს დაუთმობს.


ნიკი მინაჟი 1982 წლის 8 დეკემბერს ტრინიდად და ტობაგოში დაიბადა, იზრდებოდა ნიუ-იორკში. საერთაშორისო აღიარება 2010 წლიდან მოიპოვა, როდესაც სადებიუტო ალბომი, “Pink Friday” გამოუშვა. მას შემდეგ მინაჟი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ძალად ჩამოყალიბდა. გასულ 10 წელში ჯამში 100 მილიონზე მეტი ალბომი, სინგლი გაყიდა და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი რეპერი, რომელმაც ეს შეძლო.


2012 წელს გრემის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ნიკი 4 კატეგორიაში იყო ნომინირებული. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ შეძლო, რეპერის წითელი ხალიჩის ლუქმა გამარჯვებულებზე მეტი ყურადღება მიიქცია. ბევრი თვლის, რომ ნიკის 2012 წლის ვერსაჩეს წითელი ლუქი და რომის პაპი, როგორც „აქსესუარი“ 2012 წლის გრემიზე ისეთივე ეპატაჟური და დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როგორც კვერცხში მოთავსებული ლედი გაგა “Born This Way” ერადან.