სერიალის რეკორდული რეიტინგის შემდეგ, სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა გადაწყვიტა, Squid Game-ის რეალითი შოუ შექმნას. პროექტი ოფიციალურად დაანონსდა და ახლა პროდიუსერები მონაწილეთა კასტინგისთვის ემზადებიან. Squid Game: The Challenge – ასე ჰქვია კონკურის ფორმატის შოუს და ის გამარჯვებულს სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე მაღალ საპრიზო ფონდს – 4,56 მილიონ დოლარს ჰპირდება. ეს რიცხვი შემთხვევითი არ არის – თამაშის წესების მიხედვით, ნეტფლიქსის შოუს 456 მონაწილე ეყოლება. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კონკურსების ისტორიაში, არც ერთ პროექტს არ ჰყოლია მონაწილეთა ეს რაოდენობა.

ცხადია, ამ რეალითი შოუში, სერიალისაგან განსხვავებით, დავალებები მონაწილეთა სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის და ბრუტალური ელენენტებისაგან სრულიად თავისუფალი იქნება. საკონკურსო ტურებში გამარჯვება ფიზიკურ მომზადებაზე, მოხერხებულობასა და ლოგიკურ აზროვნებაზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით პროექტის დეტალური სიუჟეტი და წესები უცნობია. Netflix-ს რეალითი შოუს დაწყების თარიღიც არ გამოუცხადებია.