“მუზარადი” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ბრენდია. ის, 4 წლის წინ, ქეთევან ხერხეულიძემ დააარსა. მუზარადის მრავალფუნქციურმა აქსესუარებმა ბევრი ადამიანის გარდერობში შეუცვლელი ადგილი დაიკავა. საინტერესო სახელი ქეთის დის, სოფოს იდეა იყო, მისი შთაგონება ქეთის მიერ შექმნილი პირველი ნივთი გახდა – შავი კაპიუშონი, რომელიც საბრძოლო თავსაბურავს, მუზარადს წააგავდა. ახლაც, აღნიშნული ორიგინალი “მუზარადი” ბრენდის ყველაზე პოპულარული ნივთია.
“მუზარადის დაფუძნებიდან უკვე 4 წელი გავიდა,” ამბობს ქეთევან ხერხეულიძე, “მახსოვს სუსხიანი ზამთარი იყო, როდესაც ჩემი დიზაინით მუზარადის ფორმის შლემი გავაკეთე, რომელიც ახლაც ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. სახელის იდეა ჩემს დას, სოფოს ეკუთვნის, როდესაც გააჟღერა სახელი “მუზარადის” იდეა, მივხვდი, რომ ის ძალიან მოუხდებოდა ბრენდს და ასეც მოხდა. სახელმა ნამდვილად გაამართლა. მას ისტორიული დატვირთვა აქვს და ჩემთვის თანამედროვეობის ისტორიულ ჭრილში წარმოჩენა მნიშვნელოვანია.”
მუზარადის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი გერბია, რომელიც ყველა ნივთზეა გამოსახული. გერბიც, ისევე როგორც ბრენდის ზოგადი კონცეფცია, ისტორიულია – ის ხერხეულიძეების საგვარეულო გერბია. სხვადასხვა ნივთებზე გერბის გამოსახულებები იცვლება, რაც მათ მეტ უნიკალურობას სძენს. აქვე ქეთი აღნიშნავს, რომ ამ პირადმა დეტალმა მის საქმიანობას პასუხისმგებლობაც შემატა.
ისტორიულ ჭრილში ბრენდის წარმოჩენა მხოლოდ სახელის მეშვეობით არ მომხდარა. გასულ წელს, მუზარადი გახდა ერთ-ერთი კოლაბორანტი პროექტში “ქსოვილი”, რომელიც ტრადიციული ქართული პრინტების გაცოცხლებას მიეძღვნა. ბრენდმა პრინტები გვიანი შუა საუკუნეების ფრესკებიდან გააცოცხლა და თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში აქტუალური გახადა. ქეთის თქმით, მნიშვნელოვანია თავის ნამუშევრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ისტორიასთან, რადგან “წარსული ჩვენი მომავალია”.
პროექტ “ქსოვილის” გარდა, “მუზარადს” ჰქონდა კოლაბორაციები არტისტებთანაც, მათ შორისაა ცნობილი ქართველი ხელოვანი სოფო გონგლიაშვილი, რომელიც ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. კოლაბორაციებზე ქეთი ამბობს, რომ რთულად იღებს ამ გადაწყვეტილებას. “კოლაბორაციებზე იშვიათად ვთანხმდები, მხოლოდ იმ არტისტებთან, რომლებიც მიყვარს და განსაკუთრებულ ისტორიას ატარებენ. სათუთად ვუდგები ამ საკითხს.”
ბოლოდროინდელი კოლაბორაცია ფრანგ ვიზუალურ არტისტთან, ალექსანდრე ბავარდთან შედგა. ალექსანდრეს თავად ჰქონდა კოლაბორაცია Supreme-სთან და კრეატიულ სახლთან JUSTKIDS. “ალექსანდრეს ძალიან უყვარს საქართველო”, აღნიშნავს ქეთი, “მას დედა ჰყავს ქართველი. შარშან არტ ვილა გარიყულაში მან ძალიან საინტერესო პროექტი შეიმუშავა. ჩვენი კოლაბორაციაც მაშინ დაიგეგმა, თუმცა პანდემიის გამო პროცესი დროში ძალიან გაიწელა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვმუშაობდით, ეს ძალიან საინტერესო იყო. ალექსანდრეს ვიზუალური ნამუშევრები მუზარადის კლასიკურ ფორმაზე გადმოვიტანე და დეტალები ფორმაშიც შევცვალე. კოლექცია ლიმიტირებულია და ექსკლუზიურად მაღაზია იერშია წარმოდგენილი. შედეგით ორივე ძალიან კმაყოფილი დავრჩით და სამომავლოდ კოლექციის პარიზში გატანაც გვსურს.”
ქეთისთვის შთაგონების წყარო ყველგანაა. ბრენდი კი, მისი ესთეტიკის, ენერგიისა და ემოციების გამოხატვის უპირველესი შთაგონებაა. “მუზარადის შექმნის შთაგონება ბავშვობიდან მოდის. შესაძლოა ითქვას, ის ჩემს ცხოვრებაში და მის საინტერესო დეტალებშია. თუმცა, შთაგონებას ხელოვნებაშიც ვპოულობ; მუსიკა და ლიტერატურა ძალიან მიყვარს. ჩემს ესთეტიკას, ჩემს მიერ აღქმულ სილამაზეს “მუზარადი” გამოხატავს.” აღნიშნა ქეთიმ ჩვენთან საუბარში.
წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ქეთის პროფესიაც შესაძლოა იყოს, ის ჟურნალისტია და თვლის, რომ ამან ძალიან შეუწყო ხელი. “კომუნიკაციები ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, განათლებამ ძალიან შემიწყო ხელი ბრენდის სწორად განვითარებაში”, აღნიშნა ქეთიმ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მის შემთხვევაში, ინტუიციამაც დიდი როლი ითამაშა. ქეთი თვლის, რომ მნიშვნელოვანია აკეთო ის, რაც მომენტში აქტუალურია და რომ ეს მიდგომა ყოველთვის ამართლებს.
ბრენდის წარმატება მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ შეიმჩნევა, მუზარადი იყიდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ბერლინი და ლოს-ანჯელესი, ასევე მუზარადზე სტატიას შეხვდებით ამერიკული Vogue-ის ვებ-საიტზეც. ამის მიუხედავად, ქეთისთვის ყველაზე დიდი წარმატება ქართულ ბაზარზე აქტიურობაა. “ქართველმა ხალხმა მუზარადი შეიყვარა და ამას ყველაზე მეტად ვაფასებ. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კარგი გემოვნება და მუზარადის მთავარი შემფასებელი ჩემთვის ქართველი ხალხია.” ამბობს ქეთი.
აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მუზარადი” ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი უბრალოდ არ გამხდარა. მისი ფასეულობები ძალიან ახლოსაა ქართულ ფასეულობებთან – ისტორია, ოჯახი და ხელოვნება.