მარკ ჯეიკობსმა „თაუნჰაუსი“ ნიუ იორკში შარშან გაყიდა, თუმცა მანამდე აქ 10 წელი იცხოვრა. 2009 წელს ნაყიდი სახლი, რომელიც სრულად ცარიელი იყო, ჯეიკობსმა ნიუ-იორკის საუკეთესო ინტერიერის დიზაინერებთან ერთად მოაწყო. მარკს სურდა რამე „ნაფიქრი, თვალშისაცემი და კომფორტული“. სახლში არის 3 საძინებელი, ეზოში მოწყობილია ბაღი სასადილო სივრცით. 3 საძინებლიდან ერთ-ერთს მთლიანი სართული უკავია, სადაც დიდი სააბაზანო და ცალკე გამოყოფილი გარდერობის ოთახია.


დონა კარანის ვილა ტერკსისა და კაიკოსის კუნძულებზე

2008 წელს დონა კარანი და მისი ქმარი, სტეფან ვეისი ტერკსისა და კაიკოსის კუნძულებზე ქორწინების მე-17 წლისთავს აღნიშნავდნენ. საჩუქრად ვეისმა კარანს ბეჭედი აჩუქა, ხოლო კარანმა ვეისს – დიდი მიწის ნაკვეთი იმ ვილის გვერდით, რომელსაც ქირაობდნენ. ნახევარ წელიწადში, ვეისი კიბოთი გარდაიცვალა. დონას თქმით, ქმარს პირობა მისცა, რომ ამ მიწაზე 3 სახლს ააშენებდა მათი სამი შვილისთვის. „ეს ადგილი ჩემი ოჯახისთვის პირად ოაზისად იქცა, მე კი იმ ადგილებს მახსენებს, სადაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი – აფრიკა და ბალი“. ამბობს დიზაინერი, „ნიუ-იორკიდან 4 საათში პირად სამოთხეში ვარ.“


ელი სააბის რეზიდენცია ბეირუთში

სააბისა და მისი მეუღლის, კლოდინას სახლზე წყვილის ახლო მეგობარმა, ვენესუელელმა ინტერიერის დიზაინერმა ჩაკიბ რიჩანიმ იმუშავა. ბეირუთში მოღვაწე რიჩანი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობს. საღამოს კაბების დიზაინერის რეზიდენცია გამონაკლისი ნამდვილად არ არის. სააბებმა მე-20 საუკუნის კლასიკური ლიბანური სახლი 6 მეტრიანი ჭერითა და შიდა ეზოთი, ტერასით და თეთრი კედლებით შეიძინეს და რიჩანისთან ერთად, სრულად გარდაქმნეს, ისე, რომ ლიბანური ელემენტები და სახლის ძველი იერსახე შეენარჩუნებინათ. მთავარ სასადილო ოთახის ჭერზე რესტავრირებული ფრესკაა, ხოლო კედელზე მე 17-ე საუკუნის სარკეები დამასკოდან.


ჯორჯო არმანის ვილა სან-ტროპეში

„ამ სახლში ოთხ ან ხუთ უქმეებს ვატარებ, ივნისი-ივლისის თვეში“ ამბობს იტალიელი მოდის მაგნატი. აქ სახლის ყიდვაზე 1996 წელს დამ, როზანამ დაითანხმა, რომელსაც ასევე აქვს ახლოს სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი არმანის სხვა რეზიდენციებისგან განსხვავებით მოკრძალებულია, დიზაინერს აქვს ამისთვის ახსნა „როდესაც ხალხი პირველად მოდის სტუმრად, ყოველთვის უკვირთ. არ მინდოდა ზღვისთვის პირდაპირ მეყურებინა. სახლი სხვისთვის შესახარბებლად არ არის მოწყობილი, მასში ვცხოვრობ და შესაბამისად სიმყუდროვე და სიმშვიდე მინდა. ქალაქიც და ზღვის სანაპირო მაინც რამდენიმე წუთის სავალზეა.“


ივ სან ლორანის დუპლექსი პარიზში

ბევრს არ მოაფიქრდება პიკასოს და გოიას ნახატების შეხამება ჟან-მიშელ ფრანკის ავეჯთან და ამ ყველაფრის რენესანსის ბრინჯაოს დეკორით გაფორმება, თუმცა სიახლე არაა, რომ ივ სან ლორანს გამბედაობა ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა, მათ შორის მისი და პიერ ბერჟის პარიზში, მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ 9 ოთახიან დუპლექსშიც. 1920-იან წლებში აშენებულ სახლში, ლეგენდარულ კუტურიემდე მარი კუტოლი ცხოვრობდა, რომელმაც სახლის კედლები იმ დროის საუკეთესო მხატვრების ნამუშევრებით და არტ დეკოს დეკორით გააწყო, რაც ივს და პიერს ძალიან მოსწონდათ. ივის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს სახლის მთლიანი ინტერიერი აუქციონზე შოკისმომგვრელ ფასად – 484 მილიონ დოლარად გაიყიდა.