“მოდა, თავისი ბუნებით, კოლაბორაციაა” , ეს სიტყვები ნიუ-იორკის მეტროპოლიტანის მუზეუმის კურატორს, ენდრიუ ბოლტონს ეკუთვნის. საინტერესო ისტორიის შესაქმნელად ერთი გენიოსი ხშირად საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია მიდრეკილია შექმნას ვარსკვლავები, ყველა დიდებული დიზაინერის, ფოტოგრაფის, თუ რედაქტორის გვერდში დგას კიდევ ერთი, ან რამდენიმე ადამიანი, რომელთა ნიჭის და თავდადებული შრომის გარეშე, მოდას ბევრი აღიარებული სახე დააკლდებოდა.
მოდის ყველაზე ცნობილ კოლაბორატებს საქმისადმი სიყვარული, საერთო ხედვა და ურთიერთგაგება აკავშირებთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ერთმანეთს დიდმა გრძნობამ დააკავშირა. თვალი გადავავლოთ მოდის ცნობილ შემოქმედებით პარტნიორებს, რომლებიც სიყვარულმა გააერთიანა.
Inez van Lamsweerde & Vinoodh Matadin
მოდის ფოტოგრაფიის ვარსკვლავებმა ერთმანეთი მშობლიურ ამსტერდამში გაიცნეს, სადაც ორივე დიზაინს ეუფლებოდა. ფოტოგრაფია მათ ცხოვრებაში მოგვიანებით გამოჩნდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჰოლანდიელი წყვილისთვის, რომ თანამედროვე მოდის გავლენიან ფოტოგრაფებში დაემკვიდრებინათ ადგილი. ახლა Inez & Vinoodh ბრენდია, მათ ობიექტივში მოხვედრა კი, ყველა მოდელის ოცნება. ისინი იღებენ როგორც პრესტიჟული ჟურნალების ყდებს, აგრეთვე სარეკლამო კამპანიებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდებისთვის. დღესდღეობით ინეზი და ვინუდი ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მათ ერთი ვაჟი, ჩარლზ მატადინი ჰყავთ.

Vivienne Westwood & Andreas Kronthaler
ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი თავის მეუღლეს, ანდრეას კრონთეილერს 1988 წელს შეხვდა, როდესაც თავად University of Applied Arts Vienna-ში ასწავლიდა, ხოლო ანდრეასი სტუდენტი იყო. 1993 წელს ანდრეასი ლონდონში, ვივიენის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ამავე წელს წყვილმა იქორწინა. მას შემდეგ, ვესტვუდი და კრონთეილერი ერთად არიან. ანდრეასი გახლავთ ვივიენის ბრენდის კრეატიული დირექტორი. 2016 წელს, ვესტვუდმა საკუთარ ბრენდს სახელიც გადაარქვა და “Andreas Kronthaler for Vivienne Westwood” უწოდა.

Shaun Leane & Alexander McQueen
შონი და ალექსანდრი 1990 წელს შეხვდნენ, როდესაც მაკქუინი პირველ მნიშვნელოვან კარიერულ ნაბიჯებს დგამდა. ისინი ერთმანეთს საერთო მეგობარმა გააცნო. ძალიან მალე ალექსანდრმა სამკაულების დიზაინერთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა, წყვილის პირველი პროფესიული კოლაბორაცია 1995 წლის ზამთრის სეზონზე შედგა, როდესაც ბრიტანელმა დიზაინერმა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კოლექცია Highland Rape წარადგინა. წყვილის სიყვარულის ისტორიამ 8 წელი გასტანა, თუმცა მათი ნამუშევრები სამუდამოდ ჩაეწერა მოდის ისტორიის ფურცლებზე.

Rick Owens & Michèle Lamy
ამერიკელი დიზაინერი, რიკ ოუენსი თავის ფრანგ მეუღლეს, მიშელ ლამის 1990 წელს, ლოს -ანჯელესში შეხვდა. მაშინ მიშელს მამაკაცის სამოსის საკუთარი ხაზი ჰქონდა, ხოლო რიკი სამუშაოს ეძებდა. ოუენსმა მიშელთან მუშაობა დაიწყო. 1994 წელს, რიკი და მიშელი საფრანგეთში გადავიდნენ, რათა ოუენსს კოლექციები პარიზში ეჩვენებინა. ამერიკელმა დიზაინერმა პარიზში დიდ წარმატებას მიაღწია, ის 2000-იანების თაობის საკულტო დიზაინერად შედგა, ხოლო მიშელ ლამი – სტილის კერპად, რომლის ყოველი გამოჩენა ინტერესს და ხმაურს იწვევს. წყვილმა 2006 წელს იქორწინა.

Yves Saint Laurent & Pierre Bergé
ივ სენ ლორანის და პიერ ბერჟეს შემოქმედებითი და სიყვარულის ისტორია ლეგენდად იქცა. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც სენ ლორანი მხოლოდ 21 წლის იყო. „მოდა არ მაინტერესებდა, ჩემთვის ღირებული არ იყო, ხელოვნებად არ ვთვლიდი. როდესაც პარიზში ჩამოვდიოდი, ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, ჩემი ცხოვრების 50 წელს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე ცნობილ დიზაინერთან გავატარებდი, გამეცინებოდა “, აღნიშნა ბერჟემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

Valentino Garavani & Giancarlo Giammetti
1960 წლის ივლისში საბედისწერო შეხვედრა შედგა იტალიელ ბიზნესმენს და დიზაინერს შორის. მათი ურთიერთობა მალე გადაიზარდა სიყვარულში. სწორედ ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლის, Valentino -ს ისტორია. ახალგაზრდა ბიზნესმენმა და დიზაინერმა შექმნეს კომპანია, სადაც ჯიანკარლო გახდა გენერალური დირექტორი, ხოლო ვალენტინო – კრეატიული დირექტორი.
