მოდის ინდუსტრიამ კიდევ ერთი ღია წერილი მიიღო. ამჯერად BFC-სა და CFDA-სგან.
არსებული ვითარება ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გამოიყენეს როგორც შესაძლებლობა, გადაეხადათ თავიანთი პრიორიტეტებისთვის და განესაზღვრათ, რა არის საჭირო სისტემის ცვლილებისთვის. ათი დღის წინ დრის ვან ნოტენის ინიციატივით შედგენილი პირველი წერილი გამოქვეყნდა (იხილეთ სტატია), რასაც მალევე მოჰყვა BOF-ის კიდევ უფრო დაკონკრეტებული #rewiringfashion (იხილეთ სტატია), ახლა კი ბრიტანული მოდის და ამერიკული მოდის დიზაინერების საბჭოები ერთიანდებიან, რათა სისტემის გაჯანსაღება მოითხოვონ.
CFDA-ის და BFC-ის წევრების ერთობლივად შეთანხმებული რეკომენდაციები შეეხება შენელების აუცილებლობას, პროდუქტის მაღაზიაში სეზონის შესაბამისად განთავსებას, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის დაგეგმვას, ორ სეზონზე შეჯერებას, დამატებითი კოლექციებისთვის ჩვენებების გაუქმებას და მდგრადობასთან დაკავშირებული პრაქტიკების დანერგვას.

„ამ პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომ, როგორც გლობალურმა ინდუსტრიამ, ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას მაშინ, როდესაც თითოეული ქალაქი თავის საკუთარ ადგილობრივ ინიციატივებს განავითარებს. მოდა ახალი იდეების და შემოქმედებითობის ბიზნესია, რთული დრო კი ინოვაციის განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ჩვენს წევრებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ ინდუსტრიის სასარგებლოდ, რათა უფრო წარმატებული მომავალი შევქმნათ.“
CFDA & BFC
საბჭოები თავიანთ ბრენდებს, დიზაინერებს და საცალო მოვაჭრეებს მიმართავენ, რომ შენელდნენ. გადახედონ კოლექციების ციკლს და არსებული მარაგებით უფრო სტრატეგიულები გახდნენ თავიანთ პროდუქტებთან და მათი გაყიდვის გზებთან მიმართებაში. ასევე მოუწოდებენ:
სამოსის მიწოდება სეზონების შესაბამისად მოხდეს, რათა მომხმარებელმა მისი შეძენა მაშინ შეძლოს, როცა მართლა სჭირდება.
დიზაინერები წელიწადში მხოლოდ ორ ძირითად კოლექციაზე ფოკუსირდნენ, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტ დროში შეძლონ საქმიანობის უფრო ეფექტურად შესრულება და შეამცირებს სტრესს, რასაც საბოლოო ჯამში ინდუსტრიის გაჯანსაღებაზე ექნება დადებითი ეფექტი. თუმცა იმის გამო, რომ პრე-კოლექციებს კომპანიებისთვის კომერციული სარგებელი მოაქვს, ბრენდები დაუბრუნდნენ დამატებითი კოლექციების იმ საწყისს იდეას, რომელიც მომხმარებლებისთვის ბრენდის ხელწერის მატარებელი ლამაზი ტანსაცმლის შეთავაზებას გულისხმობდა, რომლისთვისაც ჩვენების გამართვა საჭირო არ იყო. ამიტომ პრე-კოლექციების პრეზენტაციები სასურელია ისევ მხოლოდ შოურუმებს დაუბრუნდეს.

კრიზისის დასრულების შემდეგ, როდესაც ბრენდები ფიზიკური ჩვენებების გამართვას მოინდომებენ, კოლექციები გლობალური მოდის ერთ ძირითად ქალაქში იქნეს წარმოდგენილი, რათა ბაიერებს და ჟურნალისტებს მუდმივი მოგზაურობა არ უწევდეთ, რაც ინდუსტრიისთვის მავნებელია და ძალიან ზრდის თითოეული ინდივიდის ნახშირბადის ნაკვალევს. შეიქმნას ნაკლები პროდუქტი უფრო მაღალი კრეატიულობით და ხარისხით.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ფიზიკური პრეზენტაციების ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა, საბჭოები ეცდებიან განსაზღვრონ განსხვავებული ფორმატები და ხელი შეუწყონ ვირტუალური პრეზენტაციების ორგანიზებას.