„გუჩის სახლი“ შესაძლოა იყო მოდაში 2021 წლის ყველაზე გახმაურებული ფილმი, თუმცა რიდლი სკოტის ნამუშევარი არ ყოფილა ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.

გავიხსენოთ მოდაში 2021 წლის ყველაზე პოპულარული ფილმები და სერიალები

Halston

14 მაისს, ინტერნეტ ტელევიზიის უმსხვილესი ქსელის, Netflix -ის ახალი პროექტის, HALSTON-ის პრემიერა შედგა. სერიალი ამერიკული მოდის ლეგენდის,  როი ჰალსტონ ფროუიქის სანახაობრივი ცხოვრების გარშემო ვითარდება.

Halston

ჰალსტონის ხიბლს, იმ ეპოქისთვის სენსაციურ კოლექციებთან ერთად, მისი ცხოვრების სტილი წარმოადგენდა. გლამურულ წვეულებებზე შეყვარებული, მუდამ ვარსკვლავი მეგობრებით და ტოპ მოდელების არმიით გარემოცული ჰალსტონი, ზუსტად წარმოადგენდა 1970-იანი წლების ამერიკული კულტურის სახეს.

სერიალში როი ჰალსტონის როლს მსახიობი ევან მაკგრეგორი განასახიერებს.


Emily in Paris

პოპულარული სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 22 დეკემბერს შედგა. სერიალის სიუჟეტი ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, ემილი კუპერის გარშემო ვითარდება, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის. მარკეტინგული კომპანია, სადაც ემილი იწყებს მუშაობას, ძვირადღირებული ფრანგული ბრენდების, მათ შორის ტანსაცმლის და სამკაულების პიარზე არის პასუხისმგებელი. გამომდინარე აქედან, მოდას სერიალში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია.

Emily in Paris

ნეთფლიქსის ეს პროექტი რამდენიმე კარგად ნაცნობ გასართობ სერიალს მოგაგონებთ, მაგალითად: The Devil Wears Prada, Sex and the City და The Gossip Girl.


And Just Like That..

HBO-ს ადრეული 2000-იანი წლების საკულტო სერიალის, ‘Sex and the City’-ის ახალ ნაწილის, ‘And Just Like That’ -ს პრემიერა დეკემბერში შედგა. ისტორიის გაგრძელება კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ ვითარდება – ქერი ბრედშოუს, მირანდას და შარლოტს, კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. რაც შეეხება სამანტა ჯონსის პერსონაჟს, ის სერიალის ახალ ნაწილში არ გამოჩნდება, რადგან მსახიობმა კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა. 

Vogue

სატელევიზიო სივრცის ყველაზე ცნობილი ფეშენისტას ეკრანებზე დაბრუნებას მოდის ინდუსტრია მოსალოდნელი მღელვარებით შეხვდა. მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ამერიკული ვოგის გარეკანზე კიდევ ერთხელ მოხვდა.


Squid Game

„კალმარის თამაშის“ სიუჟეტი მოდის ინდუსტრიასთან არ იკვეთება, თუმცა სერიალის ფენომენალური წარმატება სამსახიობო გუნდის ცნობადობაზეც აისახა. განსაკუთრებული ყურადღება კორეელმა ტოპ მოდელმა ჩონგ ჰო იონი (HoYeon Jung) მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ იონი მოდის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა, მისი პოპულარობა Squid Game-ის გამოსვლის შემდეგ, გასაოცარი სისწრაფით გაიზარდა.

HoYeon Jung

პრემიერიდან მხოლოდ 3 კვირაში, კორეელი პოდიუმის რიგითი მოდელიდან მოდის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ის დაიბეჭდა Vogue-ის გარეკანზე, დასახელდა Adidas-ის და Louis Vuitton -ის გლობალურ სახედ, ამასთან ერთად, მიწვეულ იქნა ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოებაზე (CFDA) როგორც წარმდგენი და საპატიო სტუმარი.

House of Gucci

„გუჩის სახლი“ – ფილმი, რომელზეც წელს მოდაში ყველაზე ბევრს საუბრობდნენ.

ფილმში მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ. სიუჟეტი გუჩის დამფუძნებლის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. ლედი გაგა სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის – პატრიცია რეჯიანის როლს ასრულებს.

13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პატრიჯია რეჯიანის როლის შესრულებისთვის, ლედი გაგა „ოქროს გლობუსის“ პრესტიჟულ ჯილდოზეა ნომინირებილი, როგორც საუკეთესო ქალი მსახიობი მხატვრულ ფილმში (დრამა). დაჯილდოება 9 იანვარს გაიმართება.