კულტურის, ხელოვნებისა და მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის მოდის საბჭო გავლენიან სტილისტ ქეითი გრანდს იზაბელა ბლოუს სახელობის ჯილდოს გადასცემს. “გრანდს უნიკალური ხედვა, ტალანტების აღმოჩენის შესაძლებლობა და მოდის მომავლის განსჭვრეტის უნარი გააჩნია. არაერთი მოდელის და შემოქმედის შემჩნევა და მათი კარიერის განვითარება მისი დამსახურებაა,” – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

გასულ წლებში იზაბელა ბლოუს სახელობის ჯილდო მიღებული აქვთ: ამანდა ჰარლეკს, ედვარდ ენინფულს, ნიკ ნაითს, იბრაჰიმ ქამარას, სემ მაკნაითს, მერთს და მარკუს, პატ მაკგრათს და ა.შ.

Katie Grand © Self Service / Ezra Petronio

წლების განმავლობაში იზაბელა ბლოუს ყოფილ ასისტენტ გრანდს კრეატიული კონსულტანტისა და სტილისტის რანგში არაერთ დიზაინერთან და ბრენდთან უმუშავია, მათ შორის: მარკ ჯეიკობსთან, პრადასთან, მიუ მიუსთან, მეთი ბოვანთან და ბოტეგა ვენეტასთან. მისი სახელი მოდაში ისეთი ცნობილი ფიგურების კარიერის დაწყებას და წინსვლას უკავშირდება, როგორებიც არიან: კარა დელევინი, ქენდალ ჯენერი, ალასდერ მაკლელანი და ფოტოგრაფების დუეტი – მერთი და მარკუსი. Dazed, The Face, Another – იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც მას უთანამშრომლია. გარდა ამისა, თავად აქვს გამოცემული სამი ჟურნალი: Love, Pop და Perfect.

“იზი ბლოუს დატოვებული მემკვიდრეობა და ყველაფერი, რაც მან მოდისთვის გააკეთა, ჩემთვის ყოველთვის უდიდესი ინსპირაცია იყო,” – ამბობს ქეითი.

მოდის დაჯილდოება, რომელზეც გრანდი საპატიო ჯილდოს მიიღებს 5 დეკემბერს ლონდონში, როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართება.