ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ ისტორიული პოლიტიკური პროცესი ამდენ მოდურ მომენტს შემოგვთავაზებდა. თუმცა, ფაქტია, რომ მოულოდნელად, მოდა ინაუგურაციის მთავარ თემად იქცა.
რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ქამალა ჰარისი და ჯილ ბაიდენი იყვნენ. მათ ეცვათ შედარებით უცნობი ამერიკელი დიზაინერების სამოსი, რაც რეალურად სიმბოლური ნაბიჯია – ისინი მხარს უჭერენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ამერიკაში. რაც შეეხება, ფერებსა და მათ სიმბოლიკას, პირველ ლედის სიმშვიდისა და მშვიდობის გამომხატველი ცისფერი კოსტიუმი ეცვა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტ ქამალა ჰარისს და ორ ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამასა და ჰილარი კლინტონს ეცვათ იასამნისფერის ვარიაციები, რაც გაერთიანების მესიჯის მატარებელია, როგორც წითელისა და ლურჯის ნაზავი. რაც შეეხება ბრენდებს, პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს ეცვა ალესანდრა ონილის ბრენდი Markarian, Monique Péan-ის სამკაულები და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელები. ვიცე პრეზიდენტ ჰარისს Christopher John Rogers-ის კოსტიუმი, პუერტო რიკოელი დიზაინერის Wilfredo Rosado-ს სამკაულები და დევიდ იურმანის მიერ შექმნილი ამერიკის დროშის გულსაბნევი. რაც შეეხება მიშელ ობამას, მას Sergio Hudson-ის კოსტიუმი ეცვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დიდი გადახვევაა ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის სტილისგან, ის უპირატესობას ევროპულ ბრენდებს ანიჭებდა, თუმცა ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ბევრმა ამერიკულმა ბრენდმა უარი თქვა მელანია ტრამპის შემოსვაზე.
ინაუგურაციაზე რალფ ლორენი კვლავ შესამჩნევი იყო, თუმცა ამჯერად ბრენდს მამაკაცებმა მიანიჭეს უპირატესობა – პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დუგლას ემჰოფი, ვიცე პრეზიდენტის მეუღლე, სწორედ რალფ ლორენის კოსტიუმებში გამოჩნდნენ.


ინაუგურაციაზე ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის ოჯახის წევრების ხილვაც საკმაოდ საინტერესო იყო – ჯო ბაიდენის შვილიშვილები ნაომი, ფინეგანი და მეიზი, ისევე, როგორც მათი ბიძაშვილი ნატალი, მოდურ მონოქრომულ კოსტიუმებსა და ქურთუკებში გამოჩნდნენ. ქამალა ჰარისის მეუღლის, დუგლას ემჰოფის ქალიშვილი, ელა ემჰოფი Miu Miu-ში ინაუგურაციის მოულოდნელი ვარსკვლავი გახდა. მოულოდნელი მოდური მომენტი ჰქონდა პოეტ ამანდა გორმანსაც, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პოეტი გახდა, რომელმაც ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა – ის სულ რაღაც 22 წლისაა. მას პრადას ყვითელი ქურთუკი ეცვა.



ინაუგურაციაზე ვიხილეთ ლედი გაგა დენიელ როზბერის Schiaparelli-ში, ჯენიფერ ლოპეზი შანელში და ქეითი ფერი თომ ბრაუნში.