მოდის ლეგენდარული ბრენდი, Chanel ივლისიდან ფიზიკურ ჩვენებებს დაუბრუნდება. WWD -ისთან ახალ ინტერვიუში, ბრუნო პავლოვსკიმ გაამხილა, რომ გასულ 9 თვეში, პირველად, შანელი ფიზიკურ ჩვენებას, დამსწრე აუდიტორიით, პარიზში, ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე გამართავს. ბრუნო პავლოვსკი Chanel-ის მოდის ყველა ხაზის, მათ შორის ყოველდღიური ტანისამოსის, ოტ კუტიურის და აქსესუარების პრეზიდენტია.

პავლოვსკი იმედოვნებს, რომ შანელის ახალ გადაწყვეტილებას სხვა ბრენდებიც გაჰყვებიან და ივლისიდან, მოდის კვირეულები ჩვეულ ფორმატში განაგრძობენ მუშაობას:

„იმედი მაქვს ყველა დაუბრუნდება ოფიციალურ სტრუქტურას, რადგან პარიზის ძალა ემყარება მოდის კვირეულს, იქნება ეს ქალის სამოსი, თუ მამაკაცის, ოტ კუტიური, თუ ყოველდღიური. წესრიგისათვის საჭიროა ორგანიზაციას დავუბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს მოდის ფედერაცია, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს საქმეს.“

Bruno Pavlovsky

ვრცელ ინტერვიუში, შანელის მოდის ყველა ხაზის პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე სენსიტიურ და საკამათო საკითხს შეეხო. პირველ რიგში, მან ღიად დაუჭირა მხარი მაღალ მოდაში ცნობილ დიჯეის, მუსიკოსს და პროდიუსერს,  Michel Gaubert-ს, რომელიც გასულ თვეს რასისტულ სკანდალში გაეხვია. ყველაფერი ინსტაგრამის პოსტებით დაიწყო, სადაც ფრანგი პროდიუსერი, თავის მეგობრებთან ერთად, თეთრი ნიღბებით და დახრილი, წვრილი თვალებით, აზიელების ნაკვთების იმიტაციას აკეთებდა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმოდა შეძახილები: „ვუჰანის გოგონებო, ვუუუჰუუუ!“ 2019 წლის მიწურულს, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სწორედ ვუჰანში, ჩინეთში დაფიქსირდა.

პოსტებს არაერთგვაროვანი, თუმცა მეტწილად, უარყოფითი გამოეხმაურება მოჰყვა. ინტერნეტში შექმნილი მღელვარების ფონზე,  Michel Gaubert-მა გამოქვეყნებული ვიდეოები წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. ბოდიშის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში, ისეთ პოპულარული პლატფორმები, როგორიცაა Diet_Prada, კვლავ მოუწოდებდნენ ცნობილ ბრენდებს, რომ ფრანგ პროდიუსერთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ.

როგორც ახალ ინტერვიუში ვკითხულობთ, გასულ თვეს მომხდარი ინციდენტის გამო, შანელი არ აპირებს ხანგრძლივ კოლაბორანტთან თანამშრომლობის შეწყვეტას. „მიშელი ნიჭიერი კაცია, ვინც ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობა სხვა ადამიანებს, მან მოიხადა ბოდიში თავისი ქმედებებისათვის, შეურაცხყოფა განზრახ არავისთვის მიუყენებია. ის შანელის დიდი ხნის პარტნიორია და ჩვენ პარტნიორებს ერთი ინციდენტის გამო არ უარვყოფთ,“ – ბრუნო პავლოვსკი.

გარდა ამისა, ბრუნომ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა Saint Laurent -ის ახალ კოლექციაზეც, რომელშიც წარმოდგენილი იყო შანელის მოდის სახლისთვის საკულტო ნივთი – ტვიდის ჟაკეტი.

„როგორი სამწუხარო სანახავია, რომ ერთი ბრენდი ასე პარაზიტულად ექცევა მეორეს. Saint Laurent დიდებული მოდის სახლია. ვფიქრობ, სირცხვილია, როდესაც საკუთარ ისტორიას არ ქმნი და სხვისას იპარავ, მაგრამ მყიდველებს ვერ გაასულელებ. ისინი გადაწყვეტენ რომელი ბრენდი ქმნის ყველაზე ლამაზ ტვიდის ჟაკეტს.“ განაცხადა შანელის მოდის პრეზიდენტმა.

სკანდალურ ინტერვიუში, ბრუნო პავლოვსკი გავრცელებულ ჭორებსაც გამოეხმაურა, იმის თაობაზე, რომ შანელი კრეატიული დირექტორის შესაცვლელად ემზადება და ბრენდში გასაუბრებები მიმდინარეობს ცნობილ დიზაინერებთან. ბრუნომ კატეგორიულად უარყო ყველა ჭორი და აღნიშნა, რომ ვირჯინია ვიარდის კანდიდატურაში ახლა უფრო დარწმუნებულები არიან,  ვიდრე 2019 წელს, როდესაც ვიარდმა შანელის მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში, Chanel -ში დიზაინერის ცვლილება არ იგეგმება.