მირანდა კერი და ევან შპიგელი მეორე ბავშვს ელოდებიან. ინფორმაცია ორსულობის შესახებ, მოდელის წარმომადგენელმა დაუდასტურა US WEEKLY-ს: “მირანდა, ევანი, ფლინი და ჰარტი მოუთმენლად ელიან ახალი წევრის მატებას ოჯახში.” მალევე, ახალი ამბების გავრცელების შემდეგ, მირანდას პირველი საჯარო გამოჩენაც შედგა შაბათს გერმანიაში გამართულ Gruner&Jahr Spa Awards-ზე, სადაც “Beauty Idol”-ის პრიზი გადასცეს.
წყვილს პირველი შვილი გასული წლის მაისის თვეში შეეძინა. კერისთვის მესამე ორსულობაა, მოდელს 8 წლის ვაჟი ჰყავს მსახიობ ორლანდო ბლუმისგან, რომელთანაც 3 წლის მანძილზე იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში.
ვიქტორია სეკრეტის ყოფილი ანგელოზი და სნეპჩატის დამფუძნებელი პირველად ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ ლუი ვიტონის ვახშამზე. 2016 წლის ივლისის თვეში თავიანთი ნიშნობის შესახებ გვამცნობეს, 2017 წელს კი იქორწინეს. საპატარაძლო კაბა დიორის კრეატიულმა ხელმძღვანელმა მარია გრაცია ქიურიმ შექმნა. ცერემონია კი მათივე სახლის უკანა ეზოში გაიმართა, სულ რაღაც 50 სტუმრის თანდასწრებით. მიუხედავად ასეთი პრივატულობისა, ფოტოგრაფ პატრიკ დემარშელიეს წყალობით, მოგვეცა საშუალება რამდენიმე ფოტოს ხილვისა, რომელიც ექსკლუზიურად გაავრცელა ამერიკულმა ვოგმა.