Undercover S/S 2020
იაპონელი დიზაინერი, ჯუნ ტაკაში განსაკუთრებით ქუჩის სტილის ელემენტების მაღალ მოდაში დამკვიდრებით არის ცნობილი. ტაკაში ყოველთვის განსხვავებულ თემებეს ეხება კოლექციებში, რომელსაც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ბრენდის პანკ მიდგომა და წინააღმდეგობრიობა ხდის. ამ სეზონზე ჯუნ ტაკაშიმ სრულიად განსხვავებული “Undercover” წარმოადგინა. კოლექციაში შავი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი დომინირებდა და ქუჩის სტილის ელემენტები თითქმის არ შეგვხვედრია, რამაც ტაკაშის ახალი კოლექცია პრადას სილუეტებთან დაახლოვა. კოლექციას ლაიტმოტივად გოთიკური რომანტიზმი გასდევდა, რასაც ამერიკელი ხელოვანისა და ფოტოგრაფის, სინდი შერმანის პორტრეტების პრინტები კიდევ უფრო ამძაფრებდა.



ვალენტინო S/S 2020
თუ გასულ სეზონზე მოდის ინდუსტრია ჰორორის ჟანრში იყო ჩაფლული და მისით შთაგონებული, ამ სეზონზე თუ რომელიმე თემა განსაკუთრებით იზიდავს დიზაინერებს რეალობიდან გაქცევაა და რა დაგვეხმარება ამაში უკეთ, ვიდრე ფანტაზია და წარმოსახვა? რეალობისგან თავის დაღწევის სურვილი კოლექციაში როჯერ დინთან თანამშრომლობით შექმნილ ბუნების პრინტიან ზედებში გამოიხატა. კოლექციაში სიმსუბუქე, ყოველდღიური სამოსისა და ელეგანტურობის არაჩვეულებრივი მიქსი ჩანდა. ვალენტინომ, რომელიც ოტ-კუტიურ ბრენდია, მიზნად დაისახა “cool” ახალგაზრდა ბრენდი გახდეს და თუ როგორ აპირებს ამას ამაზე ამ კოლექციისგან მიიღებთ პასუხს.

“კოლექციაზე მუშაობა მენტალურად რეალობისგან თავის დაღწევის იდეით დავიწყე. გონებით მოგზაურობით, როდესაც არანაირი საზღვარები არ გაქვს, არანაირი რეალური ადგილი წასასვლელად, გარდა საკუთარ თავში ჩაძირვისა, თუნდაც წარმოსახვით სამყაროში” – პიერპაოლო პიჩოლი

რა უხდება ოცნებასა და ფანტაზიას, თუ არა ფსიქოდელიური როკ მუსიკა, რომელიც გიბიძგებს რეალობისგან თავის დაღწევისკენ და საშუალებას გაძლევს გზა გაუხსნა წარმოსახვას. ჩვენების საუნდთრეკად პიჩოლიმ ფსიქოდელიური როკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ბენდის, პინკ ფლოიდის “Shine on you crazy diamond” აირჩია. საინტერესო იქნებოდა პიჩოლის ისევე მხატვრულად შეეკრა კოლექცია, როგორც ამას ქალების სამოსში აკეთებს.
რიკ ოუენსი S/S 2020
რიკ ოუენსმა ამ სეზონზე საკუთარ მექსიკურ ფესვებთან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ აბსტრაქტულად, რადგან კოლექციის ხილვისას მექსიკის ასოციაციები ნამდვილად არ გიჩნდება. რიკი დედით მექსიკელია, თვითონ კი კალიფორნიაში გაიზარდა. რიკმა კოლექციას მექსიკელი ბებიის სახელი – “TECUATL” , უწოდა. ჩვენება პოლიტიკურ მოტივებსაც შეიცავდა – ოუენსი ტრამპის მექსიკასთან გატარებულ პოლიტიკას ეხმაურებოდა. კოლექციისთვის დიზაინერმა რამდენიმე თანამშრომლობა განახორციელა: ფერმერების გაერთიანებულ საზოგადოებასთან, ბრიტანელ ხელოვანთან, თომას ჰაუსეგოსთან, სნიკერების ყველაზე ეკო-მეგობრლ ბრენდთან “Veja” და სპორტულ ბრენდთან Champions.


იოჯი იამამოტო S/S 2020
იამამოტოს ჩვენებები შესაძლოა იყოს მონოტონური და ისეთივე მოლოდინს არ იწვევდეს, როგორც სხვა ბრენდები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მიუხედავად მოდის აჩქარებისა და ცვლილებისა, იამამოტოს იდენტობა არ დაუკარგავს. იოჯის მამაკაცის სამოსის ყურებისას ხვდები, რომ ის ავთენტურია, სამოსი იოჯის პერსონალური სტილიდან გამომდინარეობს, ის არ ცდილობს აჰყვეს დროს და ხელოვნურად შეცვალოს ბრენდის იდენტობა. მელანქოლიურობა, ბრაზი, რომანტიკა იოჯის ფავორიტი თემებია, რომელსაც თითქმის ყველა კოლექციაში ვხვდებით, რასაც, რა თქმა უნდა, შავი ფერით გამოხატავს. მართალია, იოჯის ჩვენებები ერთი შეხედვით ერთნაირი და განმეორებადია, მაგრამ საკმარისია დააკვირდე სამოსის დეტალებს, იოჯის ოსტატურ ჭრებს, ღილების განლაგებას და ხვდები, რომ ერთფეროვნების მიუხედავად მას კვლავ შეუძლია შენში ემოციის გამოწვევა.


