მერი ჯეი ბლაიჯი 2022 წლის Super Bowl-ის შოუს ერთადერთი ქალი შემსრულებელი იყო. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა არტისტმა ორი ჰიტი, “Family Affair” და “No More Drama” შეასრულა.

მერი ჯეის კოსტიუმი ნორვეგიელმა დიზაინერმა, პიტერ დუნდასმა შექმნა. “როდესაც სასცენო კოსტიუმზე ვმუშაობ, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პიროვნებას, რომელსაც ვაცმევ. სამოსი უნდა იყოს გმირის იდენტობის ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მერი ჯეი ბლაიჯია – ნამდვილი კერპი,” -აღნიშნა პიტერმა.

უნდა ითქვას, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც პიტერ დუნდასმა ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვარსკვლავი შემოსა. 2020 წლის სუპერთასზეც, შაკირას კოსტიუმზე სწორედ ნორვეგიელმა დიზაინერმა იმუშავა.

Super Bowl პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის ჩემპიონატის ფინალია, თუმცა დიდი ხანია, რაც ის მხოლოდ სპორტული მოვლენის სტატუსს გასცდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, სწორედ ის გრანდიუზული მუსიკალური შოუა, რომელიც მატჩის ტაიმებს შორის იმართება.