მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა 2006 წელს ბრენდი ROW დაარსეს, რომელიც დღეს მოდის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ გავლენიან სახელად მიიჩნევა. ცნობილი ადამიანების დიზაინერის ამპლუაში ხილვა საკმაოდ ხშირია, თუმცა, ოლსენების შემთხვევა ცოტა განსხვავდება – ბრენდის წარმატება და გავლენა არა დების პოპულარობამ, არამედ ტანისამოსის ხარისხმა, ესთეტიკამ და კონცეფციამ განაპირობა. ბრენდის ტანისამოსი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ქსოვილებით, დახვეწილი მკერვალობითა და დეტალებით. შესაბამისად, ROW ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდადაც მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მერი-ქეით და ეშლი ოლსენები ყოველთვის განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდნენ, მათი დაარსებული მოდის სახლის შთაგონებადაც სწორედ ის საკულტო დიზაინერები იქცნენ, რომელთა სამოსიც თავად ხშირად აცვიათ.
ამჟამად, დები ოლსენები მოდის ისტორიაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილ უნიკალურ მოდელებს ფლობენ. ეს არქივი ერთგვარი კვლევა აღმოჩნდა მათთვის, რამაც ROW-ის კონცეფციის ინსპირაცია გააჩინა. ახლა კი, ეს უნიკალური არქივი ROW-ის ოფიციალური ვებ- გვერდის მეშვეობით იყიდება. კოლექცია აერთიანებს Chanel-ის, John Galliano-ს, Yohji Yamamoto-ს, COMME DES GARÇONS-ისა და სხვადასხვა ლეგენდარული დიზაინერისა და მოდის სახლის გამორჩეულ მოდელებს.
ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს არის შექმნილი. კოსტიუმებს არ აქვს კონკრეტული ფასი მითითებული, ისინი ე.წ. Price On Request-ის პრინციპით იყიდება. ეს უკანასკნელი მეთოდი არ წარმოადგენს ნივთების აუქციონის წესით გაყიდვას, თუმცა, სხვადასხვა ინდუსტრიაში საკმაოდ დამკვიდრებული მეთოდია და გულისხმობს ყიდვის მსურველის მხრიდან ფასის შეთავაზებას. Price On Request-ს კომპანიები და ბრენდები მიმართავენ მაშინ, როდესაც გასაყიდი პროდუქცია არის ძალიან ძვირი, უნიკალური.
გასაყიდად განთავსებული სრული კოლექცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლაით ROW-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იხილოთ.