ცნობილი სტილისტი, მელ ოტენბერგი Interview Magazine -ს შემოქმედებით დირექტორად 2018 წელს შეუერთდა. 3 წლის შემდეგ, ამერიკელი ჟურნალის მთავარ რედაქტორად წარადგინეს. “ახლა, როდესაც სამყარო თითქოს დასასრულს უახლოვდება, ეს სახალისოა, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, გავრისკო და რაღაცები შევცვავლო. ჩემი, როგორც მთავარი რედაქტორის, მიზანი შანსების გამოყენება და აქტიური ცვლილებებია,” – ვკითხულობთ მელის ახალ განცხადებაში.

Interview Magazine, 1969 წელს, ენდი უორჰოლმა დააარსა. შემთხვევითობა არ არის, რომ სწორედ უორჰოლია ოტენბერგის მთავარი შთაგონების წყარო. “1970-იანი წლების ენდი ნიუ-იორკში ჩემთვის შეუცვლელი ინსპირაციაა,” – აღნიშნავს ის.
მელ ოტენბერგის კარიერა ბევრ საინტერესო თანამშრომლობას და მომენტს მოიცავს, მათ შორის ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Dior, Nike, Calvin Klein, თუმცა ამერიკელმა სახელი მოდის და მუსიკის ბარბადოსელ ვარსკვლავთან, რიანასთან კოლაბორაციით გაითქვა. წლების განმავლობაში, მელი რიანას მთავარი სტილისტი იყო.


ოტენბერგს უკავშირდება მომღერლის ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქები. ამერიკელმა სტილისტმა რიანას მოდის კერპად ქცევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რთულია წარმოვიდგინოთ როგორი იქნებოდა რიანას სტილის ევოლუცია, თუ მის გვერდით ოტენბერგი არ იდგებოდა.