გასული წლის ნოემბერში მეთიუ ბლაზის Bottega Veneta-ს კრეატიულ დირექტორად დანიშვნის შესახებ გახდა ცნობილი. საზოგადოებისთვის უცნობი, მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის კი კარგად ნაცნობი სახელი უეცრად ყველა გავლენიანი მოდური (და არამარტო) მედია გამოცემის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გახდა. მართალია ბრენდთან დაკავშირებით გაჩენილი მთავარი შეკითხვა (რატომ გაიყარა ბოტეგა ვენეტას და დენიელ ლის გზები?) კვლავ უპასუხოდ რჩებოდა, მაგრამ სიახლე უმრავლესობისთვის მისასალმებელი და დამაინტრიგებელი აღმოჩნდა.

მეთიუ, სანამ თავისი კარიერის მწვერვალზე მოხვდებოდა, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა მოდის სახლში. 1984 წელს პარიზში დაბადებული ბლაზი, ბრიუსელის La Cambre-ს კურსდამთავრებულია. მისი კარიერა მოდაში რაფ სიმონსის ბრენდში მამაკაცის სამოსის დიზაინერად იწყება. დიზაინერი ოთხი წელის, ჯონ გალიანოს დანიშვნამდე, მარჯიელას კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი, სამი წელი სელინში გაატარა და სწორედ აქ გაიცნო დენიელ ლი. 2016-2018 წლებში, რაფ სიმონსის ხელმძღვანელობით, კელვინ კლაინის დიზაინერიც გახლდათ. ბოტეგა ვენეტას გუნდს ის 2020 წელს შეუერთდა და ბრენდის ready-to-wear ხაზის დირექტორის პოზიცია დაიკავა. იმ მომენტიდან დენიელის შემდეგ ბოტეგა ვენეტაში მეთიუ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი გახდა.

„რაფი განათლება იყო. მარჯიელა – ძიება. კელვინი – თავგადასავალი,“ – ამბობს მეთიუ თიმ ბლენქსისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ყოველთვის მემახსოვრება სელინის ატელიეს ხელმძღვანელი, რომლისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე უბრალოდ შესანიშნავი ტანსაცმლის შექმნაზე. არც ის დამავიწყდება, თუ როგორ აკავშირებდა ფიბი [ფაილო] რაღაცებს ერთმანეთთან წარმოუდგენელი სტილისა და ინსტიქტის საშუალებით. თითოეულისგან ბევრი კარგი რამ შევითვისე.“

გასული წლების განმავლობაში მოდაში ბევრი რამ მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა Bottega Veneta-ს „ხელახალი დაბადება,“ დენიელ ლის ჩუმი რევოლუცია გახდა. პროცესების შემყურე, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბრენდსა და დიზაინერს შორის ეს ერთი შეხედვით იდეალური თანამშრომლობა შესაძლოა სულ რაღაც სამ წელში დამთავრებულიყო. მიზეზებზე სპეკულირება არ წყდება, მაგრამ ყურადღების ღირსი ახლა სხვა რამ არის: Bottega Veneta-ში ახალი, მეთიუ ბლაზის ერა დაიწყო.

იტალიურ მოდის სახლს შესაძლოა ახალი შემოქმედებითი ლიდერი ჰყავს, მაგრამ სოციალურ ქსელებს ის კვლავ არ უბრუნდება და არჩეულ სტრატეგიას მიჰყვება, რომლის მიხედვითაც, ციფრულ სამყაროში ხალხთან ინტეგრაციას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. ბლაზის სადებიუტო ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოტეგა ვენეტამ აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ახლაც საშუალებას იძლევა უკვე კარგად ნაცნობი მწვანე ფერის მიღმა აღმოვაჩინოთ ის ახალი სამყარო, რომლის შექმნაც ბრენდში დაიწყო. მეტიც, აუგმენტური რეალობა საშუალებას გვაძლევს მას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ.

მეთიუ ბლაზის Bottega Veneta-სთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება მიმდინარე წლის 26 თებერვალს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. პრეზენტაციას ბრენდის მომავალმა სათაო ოფისმა – სან ფედელეს სასახლემ უმასპინძლა.

შოუზე გამოსულმა პირველმა მოდელმა 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ასე ხშირად ნანახი თეთრი უმკლავებო მაისური და ლურჯი ჯინსი წარადგინა. თუმცა მას ჯინსი ერთი შეხედვით ეთქმის – სინამდვილეში ის დაპრინტული ნუბუკის ტყავის შარვალია რისი მომენტალურად მიხვედრაც ფოტოებიდან ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს იყო პირველი მანიშნებელი იმისა, რომ მეთიუ რაღაც ჩვეულებრივს არაჩვეულებრივად აქცევდა.

© Vogue Runway / Bottega Veneta

კოლექციის მთავარ იდეასთან დაკავშირებით დიზაინერმა პრესასთან საუბრისას განაცხადა:

„იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დაბრუნებულიყო ენერგია, სილუეტი, რომელიც მოძრაობას გამოხატავდა, რადგან ბოტეგა ჩანთების კომპანიაა – შენ სადღაც მიდიხარ, არ რჩები სახლში. ესაა ფუფუნება მოძრაობაში.“

კოლექციაში მოძრაობის იდეის მთავარი შთაგონების წყარო ბლაზისთვის უმბერტო ბოჩონის 1913 წელს შექმნილი ფუტურისტული ქანდაკება – „უწყვეტობის უნიკალური ფორმები სივრცეში“ იყო. „მასში არის რაღაც უკიდურესად მიმზიდველი. ის სადღაც მიდის. რამდენიმე სილუეტში მოძრაობის ამ იდეის გამოვლენა მსურდა,“ – აღნიშნა დიზაინერმა.

ტყავის ფუფმულა ჩანთები, მრუდე ქურთუკები, არაბუნებრივი ბეწვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, სვიტერებზე მორგებული გრძელი ტყავის გაშლილი ქვედაბოლოები შიგნით ფოჩებით თუ კილიტებით გაწყობილი გამჭირვალე კაბები კოლექციის გამორჩეული დეტალებია, რომლებიც მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. 

© Vogue Runway / Bottega Veneta

გარდა უმაღლესი ხარისხისა, ბოტეგა ვენეტას წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი სახასიათო აქსესუარებია, რომლებიც ყოველგვარი ლოგოს გარეშე, უნიკალური დიზაინის დამსახურებით თავისთავად ამბობს თუ რომელი ბრენდია. ბუნებრივია, მათ დიდ ყურადღებას უთმობს მეთიუც, რომელიც პატივისცემას იჩენს მოდის სახლის მემკვიდრეობის მიმართ და მას თავის ხედვას უთავსებს. განსაკუთრებით მკაფიოდ ამის დანახვა მოდის სახლისთვის დამახასიათებელი Intrecciato ტექნიკის (როცა მასალის ერთმანეთზე გადაჭდობა უნაკეროდ ხდება) გამოყენებით შექმნილ ჩანთებში, ფეხსაცმელებსა და ქვედაბოლოებში არის შესაძლებელი.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს კოლექცია თავგადასავალია. მასში თავს ბევრი პერსონაჟი იყრის, თითოეულ მათგანს წასასვლელი ადგილი აქვს, ისინი თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობენ,“ – ამბობს მეთიუ.

Bottega Veneta ზამთარი 2022
ჩვენების ჩანაწერი