2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ პოლ ენდრიუ Salvatore Ferragamo-ში დაკავებული კრეატიული დირექტორის პოზიციას ტოვებდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იტალიურ მოდის სახლში მის ადგილს ბრიტანელი დიზაინერი მაქსიმილიან დევისი დაიკავებს, სიახლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ბრენდში მიღებული პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მარკო გობეტი დაინიშნა. ის ფერაგამოს გუნდს იანვარში შეუერთდა. მანამდე იმავე პოზიციას ბრიტანულ მოდის სახლ Burberry-ში იკავებდა.

მაქსიმილიანი ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებულია. მან თავისი სახელობის ბრენდი Maximilian 2020 წელს შექმნა. ის ასევე დამწყები დიზაინერებისთვის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის – LVMH Prize-ის 2022 წლის გამოშვების 20 ნახევარფინალისტს შორისაც მოხვდა, თუმცა მარტის დასაწყისში მაქსიმილიანმა კონკურსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, მისი ბრენდი დროებით წყვეტს საქმიანობას. მიზეზად სახელდება დიზაინერის სურვილი, სრულად კონცენტრირდეს Salvatore Ferragamo-ზე.

“ის შეძლებს დაიწყოს ახალი, ამაღელვებელი თავის წერა მოდის სახლში, რომელიც შემოქმედებით მემკვიდრეობას, ოსტატობას, დახვეწილობას და გასაოცარ ადამიანურ ღირებულებებს ეფუძნება,” – აღნიშნულია გობეტის განცხადებაში.