ვოგის 128 წლიან ისტორიაში პირველად, 2020 წლის სექტემბრის თვისთვის ვოგის ყველა გამოცემამ ერთი თემა – იმედი აირჩია.

მაშინ მოდის ბიბლიად წოდებული გამოცემის რედაქტორებმა ჩათვალეს, რომ ყველას მომავლის რწმენა გვჭირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი რთული წელი გამოდგა, მომავალი სწორედ ახლა იწყებოდა, ამის დასაჯერებლად კი იმედის ქონა აუცილებელი იყო.

შერჩეული უნივერსალური თემა რედაქტორებისთვის იმ ადამიანების სახით გამოიხატა, რომლებიც აქტივიზმს ეწევიან, ტალანტებად მიიჩნევიან და მოდაში, კინოსა თუ მუსიკაში გავლენიან პირებად იწოდებიან. თითოეული გამოცემისთვის 26 რედაქტორმა პირადად შეარჩია ერთი ფოტო, რომელიც მათი აზრით იმედს ყველაზე უკეთ წარმოაჩენდა.

Vogue სექტემბერი 2020.
პარიზის, ამერიკული და არაბული გამოცემებისთვის რედაქტორების მიერ შერჩეულლი ფოტოები.

ვოგის მთავარი რედაქტორი და Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსი ანა ვინტური მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობდა:

„ახლა ჩვენს ცხოვრებაში იმედი ყველას ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ამიტომ ამ ხმაურიან დროს, ვოგმა ყველა საერთაშორისო გამოცემა ამ ოპტიმისტური, ჰუმანური, შორსმჭვრეტელი თემის გარშემო გააერთიანა. კრიზისის მომენტში იმედის პოვნა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ ასეთ დროს განსაკუთრებით აუცილებელიც არის. ის ჩვენი ადამიანურობის ნაწილია, სიამოვნების და ინსპირაციის წყარო, რომელიც უფრო ნათელი მომავლის რწმენას გვინარჩუნებს.“

ვოგში კვლავ გადაწყვიტეს 27 ნომრის გაერთიანება ერთი თემის გარშემო. მარტის თვისთვის ყველა საერთაშორისო გამოცემა „შემოქმედებითობაზე“ კონცენტრირდება. ყდები ეტაპობრივად გავრცელდება, პირველად შერჩეული თემის ინტერპრეტაცია ბრიტანულმა ვოგმა შემოგვთავაზა. გამოქვეყნებულ ორივე გარეკანს ანჯელინა ჯოლი ამშვენებს.

„ამ წელს ვოგის ოცდაშვიდივე გლობალური გამოცემა სიამაყით უძღვნის მარტის ნომერს შემოქმედებას,“ – ამბობს ვინტური. „ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ უფრო ნათელი მომავლის გვწამდეს, ამიტომ ვოგში ვიფიქრეთ რა შეიძლებოდა ამის აღსანიშნავად უკეთესი ყოფილიყო თუ არა მთელი მსოფლიოს შემოქმედებზე კონცენტრირება – რომელთა საუცხოო და ბრწყინვალე, ინკლუზიური და სასიამოვნო იმიჯები დღევანდელი მოდის შთამაგონებელ სახეს წარმოაჩენს.“