ეს უპრეცედენტო ისტორიაა, რომლის მსგავსიც მრავალ მიზეზთა გამო აღარ განმეორდება.

მარტინ მარჯიელას შემთხვევაში შემოქმედება იყო მისი წარმატების ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ის ირეკლავდა მის პიროვნებასაც და სათქმელსაც. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ რაც არ უნდა გენიალური შემოქმედი იყო, აღიარების მოპოვებაში საკუთარი თავის საზოგადოების წინაშე წარმოჩენაც დიდ როლს თამაშობს. პირადად არსად ჩნდებოდა. სფეროში, რომელშიც ყველა ახსნა-განმარტებას გთხოვს არაფერს ამბობდა. როგორც წესი შეფასებების კეთება, ნამუშევრის აღქმა პიროვნებიდან გამომდინარე უწევთ, მარჯიელას შემთხვევაში პირიქითაა. მისი ქმნილებების საშუალებით ეცნობოდნენ მის პიროვნებას. მოდაში არავინ ისეთი ანონიმური არ არის, როგორიც მარტინ მარჯიელა, თუმცა თავისი გენიალურობის დამსახურებით ბელგიელმა დიზაინერმა ამ სფეროში გადატრიალება მოახდინა და ახალი მიდგომები დანერგა.

12 წელია, რაც მოდიდან წავიდა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი არ გამქრალა და მისი არსებული გავლენის შემყურე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც გაქრება. ასეთი ადამიანის თითოეული სიტყვა განსაკუთრებით ფასობს. ამ 12 წელში მოდაში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა. ახალმა დიზაინერებმა შემოქმედება განსხვავებული მიმართულებით წაიყვანეს. რას ფიქრობს განვითარებულ მოვლენებზე მარტინ მარჯიელა? ან რას იტყვის თავის თავზე, როგორ აღწერს თავის განვლილ გზას ან თავის მომავალს? საკუთარი ბრენდიდან წასვლის და მთლიანად მოდის დატოვებიდან ერთი დეკადის შემდეგ ჩვენს შეკითხვებზე მისი პასუხების მოსმენას ვიწყებთ.

ორი წლის წინ ბელგიის მოდის დაჯილდოებაზე მარჯიელა Jury Prize-ით დაჯილდოვდა. ჯილდოს მისაღებად, როგორც მოსალოდნელი იყო პირადად არ წარსდგა, თუმცა გაგზავნა წერილი, რომელიც მეტს გვეუბნება, ვიდრე უბრალოდ მადლიერების გამოხატვაა. ამ წერილში საყურადღებო, პირველ რიგში, მოდიდან წასვლის მიზეზია:

„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ნამდვილად საპატიოა ამ ჯილდოს მიღება ჩემს მშობლიურ ქვეყანაში. განსაკუთრებით იმიტომ რომ უკვე ათი წელია, რაც მოდაში აღარ ვარ. ამ საღამოს 1983 წელი მახსენდება, როცა აქ ბრიუსელში ჩემი პირველი აღიარება მოვიპოვე: ‘Golden Spindle-ს’ მეორე პრიზი, რომელიც ერთადერთმა უცხოელმა ჟიურის წევრმა გადმომცა, ჟან პოლ გოტიემ.
ბევრი ამბობს, რომ მოდა წარსულს ადვილად ივიწყებს, რადგან აქტუალურობით და სიახლით არის შეპყრობილი. თუმცა ჩემი ნამუშევრების ახალი გამოფენები საპირისპიროს ამტკიცებს. ისევ ჩემი სამშობლო ბელგია აღმოჩნდა პირველი, რომელმაც MOMU Antwerp-ში ჩემი ნამუშევრების გამოფენის პატივი დამდო, შემდეგ ეს ჩემს მეორე მშობლიურ ქალაქ პარიზში მოხდა, Palais Galliera-სა და Musée des Arts Décoratifs-ში.
ეს მშვენიერი დაფასება იყო იმ მძიმე სამუშაოს და თავის მიძღვნის პერიოდისა, რომელიც ადრეულ ასაკში დაიწყო და 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა, სანამ 2008 წელი არ დადგა – პირველი წელი, როცა ვიგრძენი, რომ აღარ შემეძლო მთელი მსოფლიოს მზარდ ზეწოლასთან და ვაჭრობის გადამეტებულად მზარდ მოთხოვნებთან გამკლავება. განვიცდიდი სოციალური მედიის მიერ გამოწვეულ ინფორმაციულობის ზედმეტ დოზასაც, ‘მოლოდინთან დაკავშირებული მღელვარების’ განადგურებას და გაკვირვების ყველა ეფექტის გაქრობას, რაც ჩემთვის ასეთი ფუნდამენტურია.
მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ვამჩნევ მოდაში შემოქმედებისადმი არსებულ მზარდ ინტერესს, რასაც ზოგიერთი დიზაინერი ავლენს. ამ საღამოს ვგრძნობ სიამაყეს, რეალიზებას და ყველას მთელი გულით გიხდით მადლობას მაშინდელი თქვენი ძვირფასი მხარდაჭერის და დღევანდელი აღიარებისთვის.”

გასული წლის ბოლოს Reiner Holzemer-ის ფილმი გამოვიდა – „მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით,“ რომელშიც გენიალურმა დიზაინერმა პირველად და ნამდვილად დაარღვია საჯაროდ დუმილი და სრულად დაგვიხატა იდუმალი მარტინ მარჯიელას პორტრეტი, თუმცა დაფარული სახით.

Backstage at Maison Martin Margiela Fall 1995 © Anders Edstrom

ანონიმურობის მნიშვნელობა მარტინ მარჯიელასთვის

 „არ მომწონს სელებრითად ყოფნის იდეა. ანონიმურობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ვინარჩუნებ იმ აზრს, რომ მეც ისეთი ვარ, როგორებიც სხვები არიან. ყოველთვის მსურდა, ჩემი სახელი დაკავშირებული ყოფილიყო პროდუქტთან, რომელსაც ვქმნიდი და არა სახესთან, რომელიც მაქვს.“

ანონიმურობა, როგორც თავდაცვა

„ანონიმურობა ჩემთვის საკუთარი პიროვნების ერთგვარი თავდაცვა იყო. როგორც დიზაინერის და ასევე, როგორც პიროვნების. შემეძლო მემუშავა, სამუშაო კი რთული იყო. განრიგში არაფერი მქონდა ისეთი, რაც სხვებს შეიძლებოდა ჰქონოდათ, მაგალითად, პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრები. წინააღმდეგი არ ვიყავი, რომ შეხვედრები ყოფილიყო ჩანიშნული, მაგრამ ვერ წავიდოდი, ბალანსს დამირღვევდა. ეს გადაწყვეტილება საკუთარი თავის გადასარჩენად მივიღე. მეტის გაცემას შევძლებდი თუ თავს დაცულად ვიგრძნობდი. მაგრამ კოლექციები ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან რთულია სახელის შექმნა თუ მას სახე არ გააჩნია.“

ოცნება მოდის დიზაინერობაზე

„საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, განმარტოება მომწონდა და ჩემს საოცნებო მოდის სამყაროზე ფიქრი. როდესაც ჩემს მშობლებს მეგობრები სტუმრობდნენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოვსულიყავი როცა გავიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი, ვეუბნებოდი: „მოდის დიზაინერი პარიზში!“ ისინი უცნაურ სახეებს იღებდნენ, ჩემი მშობლები შერცხვენილები იყვნენ და მთხოვდნენ, რომ ასეთი რამეები აღარ მელაპარაკა. მეც ვემორჩილებოდი, მაგრამ გული მკარნახობდა, რომ საბოლოოდ ასე მოხდებოდა.”

© Instagram / margielainhisownwords

ოჯახი

„მამაჩემი თმის სტილისტი იყო. ბავშვობაში მომწონდა მასთან ერთად მის სამსახურში ყოფნა, იმის ყურება თუ რა ხდებოდა იქ, ყველა ჟესტი ძალიან საინტერესო იყო სანახავად. როგორ ეცემოდა თმა დაბლა, როგორ შემოდიოდნენ სხვა კლიენტები მისი გავლით. ყოველთვის მაოცებდა, რაც თმას ემართებოდა. მახსოვს, როგორ ეუბნებოდა დედაჩემი მამაჩემს, „მოდი დროს დავეწიოთ!” შემდეგ მამაკაცის სალონში პარიკები გაჩნდა. მას (საუბარია მარტინის დედაზე) იქ თავისი კუთხე ჰქონდა. მამაჩემს არ უნდოდა მამაკაც კლიენტებს სალონში მისვლისას პარიკები დახვედროდათ, „შეეცადე ისინი სალონის დახურვის შემდეგ გაყიდო.“ ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ექსტრავაგანტული იყო, ხომ ხვდებით, ღამის მაღაზია, ოღონდ პარიკებით!“

დიზაინერობის მიმართ პირველად გაჩენილი ინტერესი

„მახსოვს, შვიდი წლის ასაკში ტელევიზორში პარიზში გამართული ჩვენება ვნახე. დედაჩემს შევეკითხე, „ეს რა არის?“ მითხრა, რომ ეს უბრალოდ მოდის დიზაინერი იყო პარიზში. ვიფიქრე, კარგი, მოდის დიზაინერი პარიზში, მეც სწორედ ეს მინდა. შემდეგ ის ჩექმა და საზაფხულო კაბა ვნახე. ყოველთვის მეგონა, რომ ჩექმები ზამთრისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ ჩექმები ზაფხულის კაბასთან, თანაც თითებთან ჭრილით ჩემთვის მართლაც გასაოცარი და წარმოუდგენელი იყო. დაუყოვნებლივ ჩემს ბარბებთან მივედი და მათი ჩექმები თითებთან იგივენაირად ამოვჭერი.“

André Courrèges. Harper’s Bazaar April 1965. © The Richard Avedon Foundation
Margiela’s Barbie dolls. © Instagram / margielainhisownwords

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში

„ბებიაჩემი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა. ის მკერავი იყო. კაბებს თვითონ იკერავდა თავისთვის. საათობით ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ჭრიდა პატერნს, ქსოვილს. მოხიბლული ვიყავი ამ ქალით, რომელიც ყოველთვის პასუხობდა ჩემს შეკითხვებს – სწორი პასუხებით, არასწორი პასუხებით.. ძალიან ექსტრავაგანტული იყო თავისებურად. ერთ დღეს უზარმაზარი ყავისფერი ვარცხნილობით ვხედავდი, მომდევნო დღეს კი სკოლიდან დაბრუნებულს სრულიად ქერა მხვდებოდა.“

მარტინ მარჯიელა – გოტიეს ასისტენტი

„მომწონდა [ჟან პოლ გოტიეს] სტუდიის ატმოსფერო. მსგავსი არასდროს არაფერი მენახა. სულ მეუბნებოდა, „ძალიან ორგანიზებული ხარ, ძალიან ორგანიზებული ხარ.“ რაღაცების ყუთებში ჩალაგებას ვიწყებდი, ფაილებს ვაწყობდი, რაც მას ძალიან აბედნიერებდა. მასთან თავისუფლება ვისწავლე. ეს თავისუფლება კი ასე ჟღერდა: „გამოიყენე ყველაფერი, რაც გაქვს, რაც არ გაგაჩნია კი ან გააყალბე, ან გააკეთე, მაგრამ გამოიყენე.“ ყოველთვის ვცდილობდი ამ თავისუფლებას გავმკლავებოდი, მაგრამ არა ისე, როგორც საჭირო იყო. პარიზში შეგეძლო იმდენად თავისუფალი ყოფილიყავი, რამდენადაც თავად მოისურვებდი. მერე კი მითხრა, „მარტინ, შენ ვერ აცნობიერებ, რომ სტილი, გემოვნება გაქვს, რომელსაც მომავლისთვის უნდა დაეყრდნო.“ უცნაურია, მაგრამ ეს არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ გემოვნება მქონდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ის სტილად გარდაიქმნებოდა.“

Jean Paul Gaultier and Martin Margiela © Instagram margielatab1

თავის ბიზნეს პარტნიორ ჯენი მეირენსთან შეხვედრა

„ჯენის ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ მაღაზიაში შევხვდი და ძალიან მალე დავმეგობრდით იმიტომ, რომ ესთეტიკას აღვიქვამდით და, ამავდროულად, ორივე ვგიჟდებოდით იაპონელ დიზაინერებზე. მზად ვიყავით საერთო თავგადასავლისთვის.“

Martin Margiela and Jenny Meirens © FashionNetwork

პირველი ჩვენება – გაზაფხული/ზაფხული 1989

„ჩემი პირველი თემა ოტ კუტიურის ატელიების სიურეალისტური თვალი იყო. ეს გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია იყო, სიურეალისტური ხელოვნებით შთაგონებული. იქ იყო ეს დაფარული სახე. ისტორიული მოდისა და აქსესუარების სიყვარულმა მიმიყვანა აქსესუარამდე, სახელად – ჟაბო. მოდა მაშინ ძალიან ფართო იყო, სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველად ძალიან პატარა მხრის ბალიშების იდეა. იმ დროს მოდაში ყველაფერი მოკლე იყო, მე კი ეს არ მინდოდა. ჩემი კაბა უკან ძალიან გრძლად იყო ჩახსნილი და ეს დეტალი, თუ არ ვცდები, ხუთი სეზონის განმავლობაში დავტოვე.“

„ინტერვიუ მქონდა. თუ სწორად მახსოვს, ბრიტანული ვოგის ჟურნალისტთან. ვუთხარი, რომ უნდა წამომყოლოდა, რადგან ჩემი ყოფილი ასისტენტი თავის პირველ ჩვენებას აწყობდა. „მალე დაიწყება, არ მინდა რომ გამოვტოვო!“ ასე რომ ჟურნალისტიც თან წავიყვანე. ვიცოდი, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეთ კარგსაც არ მოველოდი.“

ჟან პოლ გოტიე
Maison Martin Margiela Spring 1989

ტაბი

„წარმოგიდგენიათ ის სტრესი, როდესაც გინდა შექმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც მანამდე არავის უნახავს? ცოტათი გიჟდები. შემდეგ გამახსენდა ის დღე, როდესაც ტოკიოს პირველად ვეწვიეთ და ქუჩაში მომუშავეები დაბალძირიან კოტონის ტაბი ფეხსაცმელებში ვნახეთ. ვიფიქრე, კარგი, რატომ არ შეიძლება ფეხსაცმელები, რომლებსაც ვაკეთებ იყოს ნაზი ტაბი ფეხსაცმელები, ოღონდ მაღალ ქუსლზე. ასე გაჩნდა იდეა.“

https://www.instagram.com/p/B2JdMk6I-Dw/

ტაბის წითელი ნაკვალევი

„როდესაც რაღაცაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობ, გინდა, რომ ხალხმა ის შეამჩნიოს. ამიტომ მოდელებს დავავალე, რომ სანამ კულისებს დატოვებდნენ, წითელ საღებავზე გაევლოთ. ეს ჩემი ობსესია იყო.“

ლუქი სახის გარეშე

„როდესაც მოდელის ლუქს ვუალი მოვარგე რაღაც დამემართა. მხოლოდ სამოსი, სახის გარეშე და ამ სამოსის მოძრაობა… მომეწონა.“

Maison Martin Margiela Spring 1989

მთავარი დეტალები სილუეტში

„ჩემთვის სილუეტში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მხრები და ფეხსაცმელია. მათ შორის ყველაფერს უბრალოდ ვავსებ.
ვფიქრობ, მხრები გარკვეულ დამოკიდებულებას ქმნის, ფეხსაცმელი კი, თავისთავად, გარკვეულ მოძრაობას. და როდესაც სარწმუნო სილუეტი სარწმუნოდ მოძრაობს, მე ძალიან ბედნიერი ვარ.“

თეთრი სტუდია

„ის ექსტრემალური მოდა რომ წარმომედგინა, რომელიც ჩემს გონებაში არსებობდა, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ეს რაღაც სამყაროში გამეკეთებინა. ის ფერის გარშემო უნდა შექმნილიყო. ოთხმოციანი წლების ბოლოს, შოურუმები და მაღაზიები ნაცრისფერი ტონალობების იყო შავი ავეჯით. მე განსხვავებულ ფერს მივადექი – თეთრს. იმის გამო, რომ თავიდან ბიუჯეტი საკმარისი არ იყო, ქუჩაში ან ხსნის არმიაში ვპოულობდი ძველ ავეჯს. თუ საინტერესო დიზაინი ჰქონდა, ვღებავდით. სხვა შემთხვევაში თეთრი კოტონით ვფარავდით.“

მარჯიელას მოდის სახლის უნიფორმა

„თეთრი ხალათები, რომლებიც მარჯიელას უნიფორმად იქცა ყველა იმ კადრის ნახვის შემდეგ გაჩნდა, რომლებზეც მოდელებს თეთრი ხალათები აცვიათ მაღალი მოდის სახლებში.“

The Maison Margiela team © STATUS Magazine

ჩვენება ბავშვების სათამაშო მოედანზე – გაზაფხული/ზაფხული 1990

„აუდიტორია ძალიან უცნაური იყო. ერთი ნაწილი პროფესიონალებისგან შედგებოდა, მეორე ნაწილი კი ყვიროდა, ტაშს უკრავდა, მღეროდა და ეს ყველაფერი ერთ დიდ გამოცდილებად იქცა, ძალიან, ძალიან ემოციური იყო. ჩემი აზრით, მთელ ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მაგიური შოუ იყო.“

Maison Martin Margiela Spring 1990 © Sleek Magazine
Martin Margiela © Madame Figaro

პაჩულის სურნელით გაჟღენთილი პარკინგის სივრცე – გაზაფხული/ზაფხული 1991

„ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა გარკვეული შეგრძნების ქონა მძიმე მაკიაჟში და უწესრიგო თმაში. მიყვარს უწესრიგო თმა, თუმცა ისეთ ქალზე, რომელიც ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ქუჩის ქასთინგი ჩავატარეთ. გვეუბნებოდნენ, „კი მაგრამ, როგორ უნდა ვიაროთ?“ მე კი ვპასუხობდი, ისე როგორც შემოხვედით! პარკინგის სივრცე ძალიან ძლიერი იყო. ხალიჩა არ გვქონდა, დასაჯდომ გეგმას ისედაც არ ვაკეთებდით, ვინც პირველი მოვიდოდა, ის დაიკავებდა სასურველ ადგილს. გასვლამდე მოდელებს ძალიან ბევრ პაჩულის პარფიუმს ვასხამდი. შემდეგ ამ ძალიან ნეიტრალურ სივრცეში გადიოდნენ და მთელ პარკინგის სივრცეში პარფიუმის სურნელს აფრქვევდნენ. მოდელებს ვეუბნებოდი, გაიღიმეთ, გაიცინეთ, უყურეთ აუდიტორიას. ეს მოდელების მოვალეობა არ იყო. გიჟი ვეგონე, მაგრამ ვთხოვდი ასე გაეკეთებინათ და ასეც მოიქცნენ. ძალიან ბედნიერები ბრუნდებოდნენ კულისებში, „მარტინ ამან იმუშავა! იმუშავა! ხალხს რეაქცია აქვს!“ აუდიტორია როკ კონცერტისას ჰგავდა, რამაც გოტიეს პირველი ჩვენება გამახსენა, რომელიც ვნახე.“

Maison Martin Margiela Spring 1991 © Instagram / rarebooksparis

The Jean Paul Gaultier და ყალბი საშვები

„როდესაც აკადემიაში მოდის სტუდენტი ვიყავი, რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა ჟან პოლ გოტიეს ჩვენების ნახვა. ის შედარებით ახალგაზრდა თაობის კერპი იყო. მართლაც ძალიან, ძალიან ახალი იყო, რასაც ის აკეთებდა. შოუს მსვლელობისას ხალხი ყვიროდა, ტაშს უკრავდა. ისეთი რეაქცია ჰქონდათ, თითქოს როკ კონცერტზე ყოფილიყვნენ. არასდროს დამავიწყდება ის ატმოსფერო. მოსაწვევები არ გვქონდა, ამიტომ ვაყალბებდით. ქაღალდს ვაკოპირებდით, ბეიჯით სუპერმარკეტში მივდიოდით, მას იოგურტის თავსახურავებს ვარგებდით, რათა შესაბამისი ზომის გვეპოვა. ვიპოვეთ, თუმცა ოდნავ უფრო დიდი ზომის და სულ ეს იყო – ეს ბეიჯები მთელ კლასს გვქონდა.“

ტანსაცმლის ხელახლა გამოყენების იდეა

 „ვგრძნობდი, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა მეორადი სამოსის შერწყმა ჩემს ახალ დიზაინთან. მათი დეკონსტრუქცია და მათი გამოყენებით ახალი იდეების შექმნა გაამართლებდა. ბევრი ცდის შემდეგ, თუ არ ვცდები 1991 წელს, ეს მცდელობა უკვე სარწმუნო გახდა საღამოს გახსნილი კაბებით. ძალიან მალე, უკვე ყოველ სეზონზე იყო მეორად ტანსაცმელთან დაკავშირებული ძალიან ძლიერი იდეები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად უკვე ცალკე ხაზიც გახდა.“

A Maison Martin Margiela Exhibit at the Palais Galliera © Yahoo

ჩვენება მეტროს მიტოვებულ სადგურში – გაზაფხული/ზაფხული 1992

„მასალაში ძალიან ბევრი აბრეშუმი, პოლიესტერი, შარფები იყო, ყველა მკვეთრ პრინტებში წარმოდგენილი. ძალიან ბევრი ფერი იყო გამოყენებული. მე ამას არასდროს გავაკეთებდი. მაგრამ ვიცი, რომ ზოგჯერ ის, რაც ძალიან არ მოგწონს, შეიძლება ძალიან ამაღელვებელი გახდეს.“

Maison Martin Margiela Spring/Summer 1992

ბრენდის სტილის დამკვიდრება

„ათი სეზონი ერთ სტილს წარმოვადგენდით, რომელსაც ხალხმა მარჯიელას სტილი უწოდა. ჩვენი გავლენა ვიგრძენით. მოდამ ჩემი მითითებებით დაიწყო ცვლილება. მანამდე იმაზე ვღელავდით, რომ ხალხი ვერ გაგვიგებდა, მაგრამ ახლა უკვე ის გვადარდება, რომ ხალხს ჩვენი ძალიან კარგად ესმოდა. ვხედავდი, რომ მოდა გრძელი გახდა, კოჭის სიგრძის, ასევე ვიწრო და მასში განადგურებული დეტალები იყო შეტანილი. ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს. დეპრესიაში ჩავვარდი.“

სისტემასთან შეუთავსებლობა

„როდესაც საქმიანობა დავიწყე, თავს მართლა არაკომფორტულად ვგრძნობდი ხალხთან ლაპარაკის დროს და ჩემი საქმის კეთებისას. ისე არ ყოფილა თითქოს პრესასთან კონტაქტი არ მსურდა, უბრალოდ არ მინდოდა ჩემს კოლექციებზე ყოველთვის კომენტარების კეთება. ვფიქრობდი, რომ ნახავდნენ და თვითონ გამოიტანდნენ დასკვნებს. ჩვენი ბიზნესით რაღაც ახალი შევქმენით, რაც ძალიან რთული იყო, თუმცა მედიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ მათი ნახვა არ მსურდა; რომ მისტიკად ქცევა მინდოდა. ეს სიმართლე არ არის. მგონია, რომ ერთადერთი დიზაინერი ვიქნები, ვინც ეს შეძლო. რადგან ეს ძალიან ბუნებრივად და გულწრფელად მოხდა. ამ სისტემას ისე კარგად ვერ ვერგებოდი, როგორც ჟან პოლ გოტიე. მას შეუძლია მათ წინაშე ლაპარაკი, ამ ყველაფერთან გამკლავება და ამ სიტყვის ძალიან კარგი გაგებით, ის ნამდვილი შოუმენია. გულწრფელად გითხრათ, ჟან პოლი ყოველთვის მეუბნებოდა: „მარტინ, ძალიან სერიოზული ხარ.“ ასეც არის. შეიძლება ამ სამყაროსთვის მართლაც ზედმეტად სერიოზული ვარ.“

Maison Martin Margiela Spring/Summer 1996

მარჯიელა – ჰერმესის წლები

„ჰერმესის წინადადებას მაშინვე დავთანხმდი. იმდენად ბუნებრივი ჩანდა მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი კონტრასტი არსებობდა. ჩვენების შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ის გამაღიზიანებელი იყო, ფიქრობდნენ, „ამისთვის დაიქირავეს მარტინ მარჯიელა?“ უბრალოებამ გააოცათ, ჩათვალეს, რომ „მოსაწყენი“ იყო. ჩემთვის ფუფუნება იდეალური ბალანსია ხარისხსა და კომფორტს შორის. კიდევ უფრო შორს წავალ და ვიტყვი: ამას დამატებული მარადიულობა. რამდენიმე სეზონი დასჭირდათ, რომ ჩემი ახალი სტილი მიეღოთ. იქ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ მეგონა, რომ დასასრული ექვს წელში დადგებოდა, რაც თორმეტ კოლექციას ნიშნავს, მაგრამ უნდა გავჩერებულიყავი, რადგან ჩემი ბრენდი უფრო და უფრო მეტს მოითხოვდა.“

Hermès by Martin Margiela Fall 1998 © Condé Nast Archive

მოდის სისტემის ცვლილება

 „მოდის სისტემაში რაღაც ძალიან უსიამოვნო ხდებოდა. ჩემთვის ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ინტერნეტს მიმვართეთ იმავე დღეს, როდესაც კოლექციის ჩვენება გაიმართა. მომწონს ხალხის გაოცებით გამოწვეული ენერგია, რომელიც სრულიად დაკარგული იყო. ყველაფერი მომენტალურად ინტერნეტში ხვდებოდა. თავი ცოტათი დაკარგულად ვიგრძენი. თითქოს, ეს იმ მომენტის დასაწყისი იყო, როდესაც მოდის სამყაროში განსხვავებული საჭიროებები გაჩნდა, მე კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათი დაკმაყოფილება შემეძლო.“

კომპანიაში საკუთარი როლის შემცირება

„ბოლოს საკუთარ კომპანიაში გარკვეულწილად შემოქმედებითი ხელმძღვანელი გავხდი. ეს მაწუხებდა, რადგან მე დიზაინერი ვარ, ნამდვილად მოდის დიზაინერი, რომელიც ქმნის და არა უბრალოდ შემოქმედებითი ხელმძღვანელი, რომელიც თავისი ასისტენტებისთვის მითითებების მიცემით შემოიფარგლება.“

მისი ყოველდღიური უნიფორმა

 „მაისური, ჯინსის ქურთუკი, ჯინსი და კეპი. კოსტუმს არასდროს ჩავიცვამ.“

Martin Margiela

მოდის სამყაროს ჩამოშორებული მარჯიელა

„დღეს მე ვხატავ, ვაქანდაკებ, შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი, რაც ძალიან მიყვარს. მომწონს ჩემთვის ყოფნა, როცა გარშემო არავინ არის; მხოლოდ მე და ჩემი თავი. ჩემს რაღაცებს ვაკეთებ. მათზე სამუშაოდ კი სეზონები აღარ არის.“

2014 წელს მისი ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად ჯონ გალიანო დაინიშნა. ორი წლის წინ, ვოგის კონფერენციაზე ჯონმა მარტინთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც მის სახლში მარჯიელას ინიციატივით მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ გალიანოს ამ შეხვედრიდან ბევრი დეტალი არ გაუმჟღავნებია, ერთი მნიშვნელოვანი რამ აღნიშნა – თავად ბრენდის დამაარსებლის და ორიგინალი შემოქმედისგან მიიღო ნებართვა, რომ მარჯიელას მოდის სახლში ის ეკეთებინა, რასაც თავად მოისურვებდა:

“მარტინმა ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მითხრა, რომ შესაძლოა აღარასდროს მენახა. მაშინ მარჯიელას გუნდის წევრი ჯერ კიდევ არ ვიყავი. მეილებს ერთმანეთს ისევ ვუგზავნით. ძალიან ანონიმურია. ჩემთან სახლში ჩაიზე დავპატიჟე. თავად უნდოდა შეხვედრა და შევხვდით კიდეც. ეს ყველაზე საოცარი, საოცარი გამოცდილება იყო. ვახსოვდი, მითხრა, რომ ლონდონის კლუბებში დროს ერთად ვატარებდით, მაგრამ მე ვერ გავიხსენე. მაშინ ასეთი შეგნებული არ ვყოფილვარ. ის იმ პერიოდში ჟან პოლ გოტიეს ასისტენტი იყო, ასე რომ არის ამაში ჭეშმარიტება. მასთან იმდენი შეკითხვა მქონდა, ყველაფერზე, რისი ცოდნაც გენდომებათ, იმაზე, რასაც უბრალოდ წიგნებში ვერ ნახავთ—ბევრ რამეს ვერ გავამჟღავნებ, რადგან მათ შორის ზოგი ძალიან პირადული საკითხია, მაგრამ ვიტყვი, რომ თავის სიყვარულზე მესაუბრა მე-17 საუკუნის ლიტერატურის, მე-18 საუკუნის კოსტუმების მიმართ. იცოდით ეს მარტინზე? მე ნამდვილად არა. შესანიშნავი დრო გავატარეთ. დღის 4 საათზე შევხვდით და დაახლოებით საღამოს 10 საათზე წავიდა. უბრალოდ საოცარი იყო. მითხრა: “გამოიყენე ბრენდის დეენემიდან რაც გინდა, დაიცავი საკუთარი თავი, გააკეთე რაც გინდა.” ასეთი ჯენტლმენია.” 

Maison Margiela Spring 2017 Couture by John Galliano © Yannis Vlamos / Indigital.tv

თვლის თუ არა მარტინ მარჯიელა, რომ მოდაში ყველაფერი თქვა? დოკუმენტურ ფილმში ამბობს, რომ არა.

დამშვიდობება

„ისევ ვნანობ, რომ წასვლა ჩემი ჩვენების ღამეს მომიწია, სანამ ამას ვინმეს ვეტყოდი, რადგან ახალ მფლობელს უნდოდა უზარმაზარი შოკი თავიდან აერიდებინა. მაგრამ არ შემეძლო ჩემი გუნდისთვის მეთქვა ნახვამდის, ეს კი რაღაც მხრივ ძალიან მტკივნეულია იმდენად ვაფასებ ამ ადამიანებს. მათ მართლა ყველაფერი გაიღეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. დიახ, ასე დამშვიდობება ნამდვილად არ შემეფერება.“

Tags :