2015 წელს მარნის მოდის სახლი OTB-ის სრულ მფლობელობაში გადავიდა და ბრენდის განვითარება ახალი მიმართულებით გაგრძელდა. ახალმა მფლობელმა კომპანიამ იტალიურ ბრენდში, პირველ რიგში, ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი აიყვანა – ფრანჩესკო რისო პრადადან. რისომ კონსუელო კასტილიონი ჩაანაცვლა, რომელიც ამ თანამდებობას 22 წელი იკავებდა.
ფრანჩესკოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით მარნის სახელი უფრო ფართო აუდიტორიამ გაიგო და ახალგაზრდა მომხმარებლების გულიც მოიგო. რამდენიმე წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგად, OTB-მ რისოსთან კონტრაქტი განაახლა.

“მას შემდეგ, რაც ის გუნდს შემოქმედებით დირექტორად შეურთდა, ფრანჩესკო მარნის დე-ენ-ემიდან თითოეულ დეტალს ჩასწვდა. მისი უნიკალური ლიდერობა თავისი სამუშაოს ყველა ასპექტში ვლინდება – დაწყებული სტილიდან და ინტერიერის დიზაინიდან, დამთავრებული მარკეტინგითა და ციფრული სამყაროთი – და თავისი ხედვის გამოსავლენად განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანების გლობალურ ქსელს ეყრდნობა. მან ბრენდი ახალი მიმართულებით განავითარა, გამოაცოცხლა და, ამავდროულად, მარნის კოდები შეინარჩუნა. მოხარული ვარ, რომ ერთად მუშაობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოგვიწევს.”
Renzo Rosso, OTB-ის პრეზიდენტი
რისომ მოდის მიმართულებით განათლება სხვადასხვა სასწავლებელში, სხვადასხვა ქალაქში მიიღო – Polimoda-ში (ფლორენცია), Fashion Institute of Technology-სა (ნიუ-იორკი) და Central Saint Martins-ში (ლონდონი). კარიერის საწყის ეტაპზე ანა მოლინარისთვის, ალესანდრო დელ’აკვასა და მალოსთვის მუშაობდა, რასაც პრადას მოდის სახლთან რვა წლიანი თანამშრომლობა მოჰყვა. 2016 წლიდან კი თავის ცხოვრებაში ახალი კარიერული თავის ჩაწერა მარნიში დაიწყო.