პერი ელისის 1993 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მარკ ჯეიკობსის კარიერაში გარკვეული თავის დასასრული და ამავდროულად ახალი და უფრო მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი გამოდგა.
“ეს იყო კოლექცია, რომლის ჩვენების შემდეგ მარკ ჯეიკობსი პერი ელისიდან გაუშვეს. ეს იყო შოუ, რომელმაც მისი კარიერა შექმნა.” – ნიკოლ ფელფსი
ოთხმოცდაათიანების დასაწყისში წარმოუდგენელი იყო გრანჟი მაღალი მოდის ნაწილი გამხდარიყო. ფლანელის პერანგებს, ნაქსოვ ქუდებს, ბებიის ქვედაბოლოებს, დოქტორ მარტენსის ჩექმებს, კონვერსის კედებს და ჩვენებაზე წარმოდგენილ გრანჟ სტილთან დაკავშირებულ ყველა სხვა დეტალს სუზი მენქსმა „საშინელება“ უწოდა. ქეითი ჰორინი გრანჟის და მაღალი ფასის შეუსაბამობაზე საუბრობდა. ტრიშ დონელი კი წერდა: „მოდის მონები, რომლებიც იმდენად ბრიყვები არიან, რომ ეს გრანჟ ნაგავი მოუნდეთ იმსახურებენ ამ უსიცოცხლოდ შეკერილ ლუქს, რომლისთვისაც ფული გადაიხადეს.“
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების დამსახურებით გრანჟი უკვე არსებული კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო და გავლენას ახდენდა საზოგადოების ფორმირებაზე, მაშინ მოდაში მუგლერის, მონტანას, ალაიას, ვერსაჩეს დომინაციის პერიოდი იყო და ვითარებაც დღევანდელისგან განსხვავებული იყო. მაშინ მოდა რეალობისგან გაქცევას ცდილობდა, ის კონცენტრირებული იყო ფანტაზიაზე და არა იმ სინამდვილეზე, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობდა. ამიტომაც მოჰყვა კრიტიკა მარკის გრანჟ კოლექციას, რომელიც არსებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა.
მაგრამ ამ კოლექციას თავისი დანიშნულება, აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა. შთაგონებული იყო მიმდინარე მოვლენებით და სრულყოფილად წარმოაჩენდა იმ ესთეტიკას და დამოკიდებულებას, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის კვლავ მიმზიდველად რჩება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამდენი წლის შემდეგაც მარკ ჯეიკობსის პერი ელისისთვის შექმნილი ბოლო გრანჟ კოლექცია აქტუალურობას არ კარგავს.
26 წლის წინ ჯეიკობსი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ კოლექციას, რომლის გამოც სამსახური დაკარგა, წლების შემდეგ უკვე როგორც აღიარებული და დაფასებული დიზაინერი თავიდან შექმნიდა. მაგრამ მოდაში ირონიული და წარმოუდგენელი შემთხვევები ხშირად ხდება.
გასულ წელს დიზაინერმა ამ კოლექციიდან 26 ლუქის ზუსტი ანალოგი შექმნა. წლების წინ გრანჟი მაღალი ფასით სასაცილოდ ეჩვენებოდათ, მაგრამ ამჯერად სიხარულით დაიწყეს იმავე კოლექციის ყიდვა, თუმცა ფასს უკვე მისი ისტორიული მნიშვნელობაც ემატებოდა.