სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Jean Paul Gaultier-ისთვის მომდევნო ოტ კუტიურ კოლექციას ჰაიდერ აკერმანი შექმნიდა. სიახლეს წინ უძღვოდა დაანონსებული თანამშრომლობა კოლუმბიელ დიზაინერსა და სპორტულ ბრენდ Fila-ს შორის. მოულოდნელი კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი სამოსის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ჩვენება მანჩერსტერში გაიმართა. რამდენიმე სეზონის შემდეგ, ეს იყო ჰაიდერის დაბრუნება პოდიუმზე. მან საკუთარი ბრენდისთვის ბოლო კოლექცია 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგინა.
პრეზენტაციას The Warehouse Project-მა უმასპინძლა. ეს არის ადგილი, რომელიც ქალაქის რეივ სცენასთან იგივდება. ღამის ცხოვრების, მუსიკის, სპორტის თუ სუბკულტურების გავლენა კოლექციაში წარმოდგენილ ნეონის და პასტელური ფერების ლეგინსებში, ჩოგბურთის შორტებში, პოლო მაისურებში, სპორტულ ფეხსაცმელებში, საცურაო შორტებსა თუ ქარგაუმტარ ქურთუკებში სხვადასხვა ფორმით გამოიხატა. ჰაიდერის თქმით, კოლექციაში შესაძლებელია „მუხტის, სიჩქარისა და ენერგის“ აღმოჩენა.
Fendi-ის, გლენ მარტენსის და ლონდონში დაფუძნებული დიზაინერის, როქსანდა ილინჩიჩის, შემდეგ ჰაიდერი მაღალი მოდის მორიგი წარმომადგენელია, რომელთან პარტნიორობითაც იტალიაში დაარსებული კომპანია ახალ ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს.
„დიზაინერებთან კოლაბორაციები Fila-სთვის ბრენდის ფასეულობას განამტკიცებს,“ ამბობს Vogue Business-თან საუბრისას ლუკა ბერტოლინო, Fila-ს საერთაშორისო სტრატეგიული მარკეტინგის ხელმძღვანელი. „ცხადყოფს, რომ ბრენდი დროის გამოცდას უძლებს. ბრენდის ხელახლა განსაზღვრა და განვითარება, პირველ რიგში, კოლაბორაციებით ხდება.“
თავად ჰაიდერისთვის კი თავისი შემოქმედებისგან რადიკალურად განსხვავებული პროდუქტების შექმნაზე მუშაობა ერთგავრი გამოწვევა იყო. „უკიდურესად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც Fila-მ თანამშრომლობა შემომთავაზა,“ – აღნიშნა მან, როდესაც პროექტის შესახებ პირველად გახდა ცნობილი. „უცნობი რამეები ჩემი გულის ცემას აჩქარებს და რადგან მოულოდნელობის ძალის მწამს, არ შევუშინდი ამ გამოწვევას.“
ჩვენების ჩანაწერი