Yohji Yamamoto გაზაფხული/ზაფხული 2021, მამაკაცის კოლექცია

© Vogue Runway

ბოლო კადრი ზურგით მდგარი შავებში ჩაცმული პიროვნების ნაცნობი სილუეტია. ამ ქუდიანი მამაკაცის სამოსზე ამოქარგულია წარწერა „მყიფე.“ ის იოჯი იამამოტოა, იაპონელი დიზაინერი, რომელმაც ტრადიცია არ დაარღვია და კოლექციის ჩვენების ბოლოს მაყურებლის წინაშე წარსდგა, თუმცა ამჯერად მხოლოდ ვირტუალურად.

ეს ტაკაის გადაღებულ ვიდეოში ხდება, რომელიც იამამოტოს მამაკაცის ახალი კოლექციის პრეზენტაციას წარმოადგენს. მასში მოდელები კვლავ პოდიუმზე გამოდიან, ამასთანავე, ის ასევე აერთიანებს დეტალებზე ფოკუსირებულ კადრებს და კატალოგის ფოტოებს.

იოჯი იამამოტომ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის თავისი არტისტული შემოქმედებით პოეტურად გადმოსცა სიბნელე, მძიმე, თანაც რომანტიკული განწყობა და მელანქოლიური მდგომარეობა.

Rick Owens გაზაფხული/ზაფხული 2021, მამაკაცის კოლექცია

© Vogue Runway

მამაკაცის პირველი ციფრული მოდის კვირეულისთვის რიკ ოუენსმა თავის სტუდიაში გადაღებული ვიდეო წარმოგვიდგინა, რომელშიც დიზაინერთან ერთად მოდელ ტაირონ დილანს ვხედავთ კოლექციის მორგების პროცესში.

„ახლა რაღაც გრანდიოზულის და წინააღმდეგობრივის გაკეთება არასწორი იქნებოდა… ამიტომ ვაჩვენე რეალობა თუ როგორ ვმუშაობთ კოლექციაზე, რაც ჩავთვალე, რომ ყველაზე  გულწრფელი ნაბიჯი იქნებოდა, რომლის გადადგმაც შემეძლო.“

რიკ ოუენსი

მიუხედავად იმისა, რომ რიკს უყვარს გრანდიოზული ჩვენებები, რომლებიც დიზაინერის ხედვას მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიჩენს, სასიამოვნო საყურებელია მის სტუდიაში გადაღებული კადრები, რომლებიც შიდა სამზარეულოში ამაღელვებელ მომენტში გვახედებს.

რიკმა კოლექციას „ფლეგეტონი“ უწოდა. ფლეგეტონი მიწისქვეშა მდინარეა ბერძნული მითოლოგიიდან და დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“ მოხსენიებული მეშვიდე წრეში წარმოდგენილი მდინარის სახელი. კოლექცია იყო ტიპური რიკ ოუენსი და წარმოაჩენდა დიზაინერის კარგად ნაცნობ იდეებს, თუმცა მათი ახლებური ინტერპრეტაციის გზით.

Dries Van Noten

დრის ვან ნოტენის შეთავაზება მიმდინარე სეზონზე კი დაახლოებით ერთ წუთიანი ვიდეოა, რომელშიც მოდელი ჯონას გლოერი Hihats In Trees – ის მუსიკის ფონზე დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის იმიტაციას ქმნის.
ჩავთვალოთ ეს შეთავაზება დრისის მხრიდან სისტემის შენელების აუცილებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კიდევ ერთ განაცხადად.