პორტუგალიელი ტოპ მოდელი, სარა სამპაიო Michael Kors-ის ახალი სუნამოს, ‘Gorgeous’-ის სახედ დასახელდა. სარეკლამო კამპანიიდან პირველი ფოტოები და ვიდეო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. კამპანიის ლოკაციად კორსის მშობლიური ნიუ-იორკია არჩეული. ნიუ-იორკის ატმოსფერო კარგად გადმოსცემს მაიკლ კორსის ბრენდის ამერიკულ იდენტობას.

“ნიუ-იორკი ჩემი სახლია. კამპანიის იდეა შინაგანი თავდაჯერებულობის ძიებაზე და წარმოჩენაზეა. ჩვენ კამპანიაში მრავალფეროვანი ადამიანები გავაერთიანეთ და ვიფიქრეთ, სად შეიძლება იზეიმო ინდივიდუალიზმი, თუ არა ნიუ-იორკის ქუჩებში?” – ამბობს დიზაინერი.

კორსის ინტერვიუდან ასევე ვიგებთ, რომ სარა სამპაიო კამპანიის მთავარ სახედ ბრენდის პირველი არჩევანი იყო. ამერიკაში, პორტუგალიელი ტოპ მოდელის კარიერა Victoria’s Secret -თან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ განვითარდა, თუმცა ქალის თეთრეულის ცნობილი ბრენდის გარშემო ბოლო დროს განვითარებული დრამატული ცვლილებებიდან გამომდინარე, სარას პროექტებმა საგრძნობლად იკლო. აქედან გამომდინარე, ახლა, სამპაიოს კარიერაში, Michael Kors-ის სუნამოს სარეკლამო კონტრაქტი ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა.

კამპანია ფოტოგრაფების ცნობილმა დუეტმა  Inez & Vinoodh-მა გადაიღეს.