მსოფლიო რიდლი სკოტის ხმაურიანად დაანონსებული ფილმის, House of Gucci-ის, მოლოდინშია. კრიმინალურ ბიოგრაფიულ დრამაში მოვლენები მოდის სახლ გუჩის დამფუძნებლის შთამომავლის – ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება, მასში მთავარ როლებს კი ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ.
რეჟისორი გადაღებებისას ოფიციალურად თანამშრომლობს Gucci-ის მოდის სახლთან. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში, გუჩის საგვარეულო ჩართული არ არის, რადგან 1993 წლიდან ისინი აღარ ფლობენ ბრენდს და მმართველობის სადავეებსაც ჩამოშორდნენ. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები ფილმთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარების გაკეთებას არ ერიდებიან და კინოპროექტს იმედგაცრუებად მიიჩნევენ.
ლედი გაგასა და ადამ დრაივერის გარდა, ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობაში ასევე ვხვდებით: ალ პაჩინოს, სელმა ჰაიეკს, ჯარედ ლეტოს და ა.შ. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მონაწილეობას ასევე იღებს ქართველი მომღერალი და მსახიობი – ლუკა ჩიქოვანი. ფილმის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს, რაზეც გადასაღები მოედნიდან პერიოდულად გავრცელებული კადრებიც მოწმობს.
ლუკა ჩიქოვანი 1994 წელს თბილისში დაიბადა, მოგვიანებით დედასთან ერთად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მუსიკალური კარიერა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით იწყება და მალევე ამ მიმართულებით წარმატებასაც აღწევს. 2016 წელს ლუკამ თავისი პირველი ალბომიც გამოუშვა. 2018 წელს კი საზოგადოებამ ის ახალ ამპლუაში იხილა – ჩიქოვანი ალიჩე რორვახერის კინოსურათ “ბედნიერ ლაზარეში” გამოჩნდა, რომელშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
რაც შეეხება House Of Gucci-ის პრემიერის თარიღს, პანდემიის გამო გადაიწია, თუმცა, ამჟამინდელი ინფორმაციით, ის მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2021 წლის 24 ნოემბერს გამოვა.