მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული Salvatore Ferragamo-ს ჩვენების შემდეგ, ბრენდისთვის ლუკა გუადანინიოს მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა შედგა. ფერაგამოს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, პოლ ენდრიუს თქმით, მასთან 18 წუთიანი ფილმის შთაგონება კარანტინში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმების მიყოლებით ყურების შემდეგ მოვიდა. ფილმი მართლაც ჰიჩკოკისეულია, დაძაბული მუსიკითა და კლასიკური კოსტიუმების შერწყმით. სამოსი და აქსესუარები შთაგონებულია 1950-იანი წლების სილუეტებით, თუმცა ენდრიუს მიერ გამოყენებული ჭრები და ქსოვილები სამოსს თანამედროვე შეხედულებას სძენს. ფილმში მონაწილეობენ მარიაკარლა ბოსკონო, მეგი ჩენი, ანოკ იაი, ჯონას გლოერი და სამერ რაჰმა.

Mariacarla Boscono in a still from Luca Guardarnigno’s film for Salvatore Ferragamo, spring 2021. (c) Vogue

ფილმი 5 პერსონაჟის ისტორიას გვიყვება, თუ როგორ იკვეთება მათი გზები ქალაქში სეირნობისას. კამერა ფოკუსირებას სამოსის მთლიან კომპლექტებზე არ ახდენს, პირიქით, ყურადღების ცენტრში კონკრეტული დეტალებია, რაც ალბათ აღწერს ზუმის ერაში ცხოვრების რეალობას. “კოლექციაზე პირველი ლოქდაუნის პერიოდში ვმუშაობდი,” ამბობს პოლ ენდრიუ, “ფლორენცია ძალიან ცოცხალი ქალაქია, სადაც ბევრი ადგილობრივი და ტურისტი გადაადგილდება დღის განმავლობაში, სიცარიელის დანახვა ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. გაზაფხულზე ბუნებამ გაიღვიძა და სახლიდან ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ყვაოდნენ ხეები, ბალახი ასფალტის კუთხეებში. კოლექციაში ზოგი პრინტისთვის სწორედ ამ ყვავილების სკეჩები გამოვიყენეთ.”

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანდო წყაროებზე დაყრდნობით,  Salvatore Ferragamo -ში პოლ ენდრიუსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობენ. WWD იუწყება, რომ გადაწყვეტილებას თებერვალში გავიგებთ, განახლდება, თუ არა კონტრაქტი დიზაინერს და ბრენდს შორის კიდევ 2 წლით. პოლ ენდრიუ ფერაგამოს 2016 წლის სექტემბერში შეუერთდა.