2020 წლის კრუიზ სეზონისთვის ნიკოლა ჟესქიერმა ლუი ვიტონისთვის ბოლო სეზონების განმავლობაში თავისი ყველაზე ძლიერი კოლექცია წარადგინა და კიდევ ერთხელ გაიმყარა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის სტატუსი.

© PR

ეს ნიკოლას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით ლუი ვიტონის პირველი შოუ იყო, რომელიც ნიუ-იორკში მოეწყო. ჩვენება კენედის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ TWA Flight Center-ში გაიმართა, რომელიც 1962 წელს ფინელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ეერო საარინენმა ააგო. ისტორიული საფრენი ცენტრი, რომელმაც თავისი ფუნქცია 2001 წელს დაკარგა მომავალ კვირას თავის კარს ისევ აღებს, თუმცა, ამჯერად, როგორც უკვე სასტუმრო. გახსნამდე ცოტახნით ადრე კი მთელი მსოფლიოს ყურადღება ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის შოუთი მიიპყრო, რაც მისთვის ძალიან დიდი პიარია.

View this post on Instagram

Landing in NYC @louisvuitton #lvcruise #twaterminal #eerosaarinen

A post shared by 🆖 (@nicolasghesquiere) on

„აქ პირველად მაშინ ჩამოვფრინდი, როდესაც ის ჯერ კიდევ ღია იყო,“ – განაცხადა ნიკოლამ ტერმინალზე საუბრისას. „ზუსტად არ მახსოვს ეს როდის იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მრავალი წლის წინ მოხდა. მგონი ჩემი მესამე ვიზიტი იყო ნიუ-იორკში, ამიტომ ჩემი მოგონებები უფრო მეტად ემოციებს წარმოადგენს, რომლებსაც მაშინ განიცდი, როდესაც ქალაქის შეცნობას იწყებ.“

ამ კოლექციით ნიკოლა თავის შეგრძნებებს დაუბრუნდა, რომლებიც მაშინ განიცადა, როდესაც ოთხმოცდაათიან წლებში პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში. მისთვის ამერიკა ქუჩის სტილის სამშობლოა, მაგრამ მან მიზნად ამ ქვეყნისთვის რაღაც ახლის შეთავაზება დაისახა.

„რა შემეძლო მისთვის მომეტანა? ფრანგული savoir-faire,“ – აღნიშნა დიზაინერმა.

Louis Vuitton Cruise 2020. Photos: Daniele Oberrauch

როგორც უცხოელმა, საკუთარ თავს უფლება მისცა თავისუფლად გამოეხატა ემოციები და „ქალაქთან დაკავშირებული კლიშეებიც კი,“ რომლებსაც არ უშინდება.

Louis Vuitton Cruise 2020. Photos: Daniele Oberrauch

კოლექციაში რეფერენსიები უკავშირდება როგორც წარსულს, ისე მომავალს. მასში ერთიანდება გოთემის ქალაქი, არტ-დეკო, ტექნოლოგიები და ფუტურიზმი. დეტალები მოიცავს ტყავის ჟაკეტებს მორგებულ მძივებით გაფორმებულ მაქმანებს, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ჟაკარდს, ფართო მომრგვალებული მხრებს, გეომეტრიულ ფორმებს და სიმბოლურად ნიუ-იორკის პრინტებს.

Louis Vuitton Cruise 2020. Photos: Daniele Oberrauch

ყველაზე საინტერესო დეტალი კი აქსესუარებია. ტყავის ჩანთებში ჩამაგრებული ეკრანებით შოუზე მომავლის ხედვა იყო შემოთავაზებული. მაგრამ ჩნდება შეკითხვა – გვჭირდება თუ არა ჩანთები, რომლებსაც ახალი ფუნქცია ემატება, რაც ვაი-ფაისთან დაკავშირების და ლუი ვიტონისთვის მიძღვნილი პლატფორმიდან კონტენტის გამოფენის შესაძლებლობის ქონას გულისხმობს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვისაც სიახლე სწყურია სურვილის დასაკმაყოფილებლად ლუი ვიტონის ჩანთასაც გამოიყენებს სმარტფონად.

ნიკოლას კოლექციები იმდენად „დიზაინერულია,“ რომ მიუხედავად მათი ყველა ღირსებისა, პოდიუმის მიღმა ლუი ვიტონის ტარების ამოცანა მარტივი ვერ იქნება. დიზაინერის მკვეთრი ჭრა და ხაზები, რთული კონსტრუქცია, სრულყოფილებამდე მიყვანილი თითოეული დეტალი სამოსს შეიძლება თავის ფუნქციას არ უკარგავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც იბადება შეკითხვა – რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი? შემოქმედებითი კუთხით კი უდავოა, რომ ჟექსიერის პერფექციონიზმი, ხედვა და დაუსრულებელი ექსპერიმენტები უნიკალურ შედეგს იძლევა, რაც მას ყველასგან განასხვავებს და უმაღლეს საფეხურს მიაკუთვნებს.