უკვე რამდენიმე სეზონია, რაც ლუი ვიტონის ჩვენებებისთვის ლუვრის კარი იღება. ამჯერად უდიდესი მუზეუმის სივრცეში ყველაზე ძვირადღირებულმა ბრენდმა საფრანგეთის ისტორიის მშვენიერ პერიოდს, Belle Époque-ს, მიაგო პატივი და ფუტურისტული ფორმით წარსულის მიმართ ნოსტალგია გამოავლინა.
გარემო მინიმალისტურად იყო მოწყობილი. მოდელების გამოსასვლელი კარის გარშემო მთელ კედელზე ეკრანი დამონტაჟდა, რომელზეც ტრანსგენდერი მომღერლის, სოფის, 2017 წელს გამოსული სინგლის „It’s Okay to Cry” გახანგრძლივებული ვერსია გაეშვა.
„მან სპეციალურად ლუი ვიტონისთვის თავისი სიმღერის „It’s Okay to Cry“ ახალი ვერსია შექმნა – ის ერთგვარი პოსტ-მოდერნული სერენადაა.“ – ნიკოლა გესკიერი
ჩვენებაზე განსაკუთრებით სასიამოვნო ბალენსიაგას რეფერენსების ხილვა იყო. 2006 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის მან კრისტობალის შემოქმედების შეუდარებელი „რიმეიქი“ გააკეთა, რაც 2019 წელს უკვე სხვა ბრენდში შეგვახსენა.
ბლეიზერების ქვეშ წარმოდგენილი აბრეშუმის ბლუზებით, მაქმანებიანი დეტალებით, გაფართოებული მკლავების მქონე პერანგებს შეხამებული სექუინებიანი მაისურებით, თრენჩებით, ლოუფერებით თუ მოკასინებით, ფერადი ყვავილების პრინტებით თუ ორქიდეის მოტივებით, კასეტების თუ კვერცხის ფორმის ჩანთებით ნიკოლამ დენდიზმი ახლებურად გამოავლინა. ნოსტალგიის ძალით წარსულის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ემოციურ ფონზე დახურა მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – პარიზის მოდის კვირეული.