მოდის პრესის ცნობილ ჟურნალში ცვლილებია. გუშინ გავრცელდა სიახლე, რომ i-D-ის სამი ახალი უფროსი რედაქტორი ემატება. ვარცხნილობის სტილისტი, Jawara დაიკავებს გამოცემის სილამაზის ხაზის უფროსი რედაქტორის თანამდებობას, ტანსაცმლის სტილისტები, ლოტა ვოლკოვა და სიდნი როუზ ტომასი ჟურნალის მოდის მიმართულებაზე იმუშავენ. მთავარმა რედაქტორმა, Alastair McKimm- მა სიახლესთან დაკავშირებით განაცხადა: „დაარსების დღიდან, i-D ყოველთვის იყო ადგილი, რომელიც ინდუსტრიაში ყველაზე გამორჩეულ ადამიანებს აერთიანებდა. ჩემთვის პატივია, რომ ამ მემკვიდრეობას კიდევ რამდენიმე არაჩვეულებრივი ტალანტი ემატება. ჯაუარა, ლოტა და სიდნი, i-D-ის მდიდარ ისტორიას და დნმ-ს, საკუთარ უნიკალურ ხედვას შეჰმატებენ“.
ჯაუარას კარიერა ბრუკლინში, ერთ-ერთ პატარა სალონში დაიწყო, როდესაც ის ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა სტილისტი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუშაობა დაიწყო ლეგენდარულ გუიდო პალაუსთან. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2013 წელს, მან დამოუკიდებლად დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ ვარსკვლავებთან. დღესდღეობით მის კლიენტებს შორის არიან: Cardi B, FKA Twigs, Solange, ბრენდები: Off-White, Gucci და Calvin Klein.
ლოტა ვოლკოვა ლონდონის Central Saint Martins-ის კურსდამთავრებულია, რომელიც წლების განმავლობაში, მოდის ინდუსტრიის ინსაიდერი იყო. ლოტას პირველი აღიარება ვეტმანთან თანამშრომლობამ მოუტანა. ვოლკოვას დიდი როლი მიუძღვის, ბალენსიაგაში, დემნა გვასალიას პირველი 2 წლის კოლექციების შექმნაში და წარდგენაში, ვინაიდან ის გვევლინებოდა ბრენდის მთავარ სტილისტად. 2018 წლიდან,ბალენსიაგამ შეწყვიტა ლოტასთან თანამშრომლობა, რის შემდეგაც, ვოლკოვა ვიხილეთ ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიების სტილისტად, როგორებიცაა: ბლუმარინე, მიუ მიუ და ჟივენში. ის ასევე თანამშრომლობს ცნობილი ჟუნალების დიდ ნაწილთან, მათ შორის ვოგთან.
კალიფორნიელი სტილისტი, სიდნი როუზ ტომასი შედარებით უცნობი სახეა. ის დღემდე ინსაიდერად ითვლებოდა. სიდნი i-D-ის მთავარი რედაქტორის, Alastair McKimm-ის ასისტენტად მუშაობდა. WSJ-ს და Re-Edition-ის სახით, მის პორტფოლიოში აგრეთვე ვხვდებით რამდენიმე ცნობილ ჟურნალს.