სილამაზის და თავის მოვლის საშუალებების გლობალური გიგანტები 2021 წლის ზაფხულს ახალი წარმდგენებით ხვდებიან.

3 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი, ქეით უინსლეტი ლორეალის გუნდს უერთდება. ლორეალი ახალ სახეს ოფიციალურად კანის კინოფესტივალზე წარადგენს.უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ფრანგული კომპანია ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ ლორეალი ხშირად თანამშრომლობს კინოს აღიარებულ ვარსკვლავებთან. სხვადასხვა დროს, ბრენდის საერთაშორისო წარმდგენებში დასახელდნენ: Eva Longoria, Jane Fonda, Helen Mirren და Viola Davis.

ახალი სახე დაასახელა ესტე ლაუდერმაც. ამერიკულმა კომპანიამ არჩევანი გასული რამდენიმე წლის, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტოპ მოდელზე შეაჩერა. ადუთ აკეჩი დაიბადა სამხრეთ სუდანში, დევნილთა ბანაკში, სადაც თავისი ცხოვრების პირველი 8 წელი გაატარა. მოგვიანებით, ადუთის ოჯახმა ცხოვრების უფლება მიიღო ავსტრალიაში. სწორედ ავსტრალიაში შეამჩნიეს 1.78 სიმაღლის და იდეალური პარამეტრების მქონე აკეჩი.

2016 წელს, თინეიჯერი სენ ლორანმა ექსკლუზიურად აიყვანა, მას შემდეგ, ადუთის კარიერა გასაოცარი სისწრაფით განვითარდა. 2020 წლის მარტში, აკეჩი გახდა მეორე შავკანიანი მოდელი, ნაომი ქემბელის შემდეგ, რომელმაც ვოგის ოთხივე მთავარი გამოცემა (ამერიკული, ფრანგული, ბრიტანული და იტალიური) დაამშვენა.