დავით კომახიძე სპორტსმენების ოჯახში გაიზარდა. ფეხბურთელი მამის გავლენით, დიზაინერის ცხოვრებაში, სპორტი ადრეული ასაკიდან შეიჭრა. „მამაჩემი ფეხბურთელი იყო და რა თქმა უნდა, მისი სურვილი იყო, რომ მეც სპორტს გავყოლოდი, მაგრამ 7-8 წლის ვიყავი, როდესაც კაბების ხატვა დავიწყე. მამას ჩემი გატაცება ძალიან უკვირდა, რადგან ჩვენს ოჯახში მოდასთან შეხება არავის აქვს, თუმცა არასდროს აუკრძალავს. მას არასდროს უთქვამს, რომ ამას არ უნდა ვაკეთებდე. პირიქით, ყოველთვის გვერდში მედგა“, – იხსენებს კომახიძე. ფეხბურთთან ერთად, კომახიძეების ოჯახში ჩოგბურთსაც არანაკლები ადგილი ეკავა. დიზაინერის ძმა, წლების განმავლობაში, ჩოგბურთს თამაშობდა.

სწორედ ჩოგბურთის შთაგონებით შეიქმნა David Koma – ს ახალი, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, ლონდონის მოდის კვირეულზე, დღეს წარადგინა. პანდემიის პრევენციის მიზნით, ჩვენება ციფრულ ფორმატში, დამსწრე საზოგადოების გარეშე გაიმართა.

David Koma გაზაფხული/ზაფხული 2021