2017 წელს, როდესაც ვოგის ბრიტანული გამოცემის რედაქტორის თანამდებობა ედვარდ ენინფულმა დაიკავა, მან უკვე იცოდა, რომ გარეკანზე 90-იანი წლების ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი უნდა დაებრუნებინა. “მას ძალიან ბევრჯერ დავურეკე!” – ამბობს ედვარდი.

5 წლის შემდეგ, ენინფულის სურვილი რეალობად იქცა.

ბუნებრივია, რომ სტივენ მეისელი ერთადერთი ფოტოგრაფი იყო ვისაც ლინდას გადაღება შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ფოტოგრაფი საკმაოდ ანონიმური პიროვნებაა და იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს, ის ყოველთვის ღიად გამოხატავდა ევანგელისტასადმი აღფრთოვანებას. ათწლეულების განმავლობაში, ლინდამ და სტივენმა ერთად უამრავი საკულტო კადრი შექმნეს.

სტივენ მეისელი ლინდას შესახებ: „უჩვეულოდ ლამაზი და ფოტოგენურია. ის კამერას ანათებს, არ ვიცი როგორ ვთქვა. ჩემთვის ყველაფერი იცვლება, როდესაც ის იცინის.“ 

ბრიტანული ვოგი – სექტემბერი 2022

ლინდას ვოგის გარეკანზე დაბრუნებას განსაკუთრებულს ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიც ხდის. შეგახსენებთ, რომ ერთ დროს პოდიუმის ვარსკვლავი ლინდა ევანგელისტა, რამდენიმე წლის განმავლობაში, საჯარო სივრციდან სრულიად გაუჩინარებული იყო. ამის შესახებ არაერთი მედია სვამდა კითხვებს. 2021 წელს კი, ევანგელისტა საჯარო აღიარებით გამოვიდა და სოციალური მედიის საშუალებით, საკუთარი ისტორია გაამხილა.

როგორც აღმოჩნდა, მოდელმა ცხიმის მოშორების მიზნით კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა, დაპირებული კარგი შედეგის ნაცვლად, ცხიმის რაოდენობა გამრავლდა და სხეულმა დეფორმაცია დაიწყო. ლინდას თქმით, ცხიმგროვების გამრავლების და სხეულის დეფორმირების პროცესი დამატებით ორი მტკივნეული ოპერაციის შემდეგაც არ შეჩერდა. “ისეთი დამტოვეს, როგორც მედიამ დამახსიათა, ძნელად საცნობი,” ამბობდა ლეგენდარული სუპერმოდელი.

ბრიტანული ვოგი – სექტემბერი 2022

გარეგნობის დეფორმირების შემდეგ, ლინდას მძიმე დეპრესია განუვითარდა და საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირდა. აღიარების შემდეგ კი, მან მედიასთან უფრო მეტად დაიწყო კონტაქტი. 2021 წელს ლინდამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალ People-ს.

ბრიტანული ვოგი – სექტემბერი 2022

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუპენმოდელმა კოსმეტოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ დავა მორიგებით დაასრულა.