რამდენიმე ხნის წინ, სუპერმოდელმა ლინდა ევანგელისტამ სარჩელი შეიტანა კოსმეტოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ, რომლის პროცედურამ მისი სხეულის დეფორმაცია გამოიწვია. ახლახანს კი, მოდელმა განაცხადა, რომ დავა მორიგებით დასრულდა.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სამართლებრივი დავა დასრულდა. მოუთმენლად ველი ცხოვრების ახალ თავს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და მიხარია, რომ ამ ამბავს უკან მოვიტოვებ.” – აღნიშნა მოდელმა გამოქვეყნებულ პოსტში და საზოგადოებას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ერთ დროს პოდიუმის ვარსკვლავი ლინდა ევანგელისტა, მრავალი წლის განმავლობაში, საჯარო სივრციდან სრულიად გაუჩინარებული იყო. ამის შესახებ არაერთი მედია სვამდა კითხვებს. 2021 წელს კი, ევანგელისტა საჯარო აღიარებით გამოვიდა და სოციალური მედიის საშუალებით, საკუთარი ისტორია გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მოდელმა ცხიმის მოშორების მიზნით კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა, დაპირებული კარგი შედეგის ნაცვლად, ცხიმის რაოდენობა გამრავლდა და სხეულმა დეფორმაცია დაიწყო. ლინდას თქმით, ცხიმგროვების გამრავლების და სხეულის დეფორმირების პროცესი დამატებით ორი მტკივნეული ოპერაციის შემდეგაც არ შეჩერდა. “ისეთი დამტოვეს, როგორც მედიამ დამახსიათა, ძნელად საცნობი,” ამბობდა ლეგენდარული სუპერმოდელი.
გარეგნობის სამუდამოდ დეფორმირების შემდეგ, ლინდას მძიმე დეპრესია განუვითარდა და საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირდა. აღიარების შემდეგ კი, მან მედიასთან უფრო მეტად დაიწყო კონტაქტი. 2021 წელს ლინდამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალ People-ს.
რაც შეეხება მორიგების შინაარსს, ჯერჯერობით დეტალები არ გასაჯაროებულა. ასევე უცნობია ისიც, თუ რა თანხას მიიღებს ლინდა ევანგელისტა კომპანია ZELTIQ Aesthetics-სგან კომპენსაციის სახით.