ოქროს გლობუსის რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონიალი 9 იანვარს გაიმართება.

ამერიკული კინოპრემიის 2022 წლის ნომინანტები 13 დეკემბერს დასახელდნენ. საუკეთესო ქალი მსახიობი მხატვრულ ფილმში (დრამა) ნომინანტები არიან: ოლივია კოლმანი – ფილმში The Lost Daughter, ჯესიკა ჩესტეინი – ფილმში The Eyes of Tammy Faye, ნიკოლ კიდმანი – ფილმში Being the Ricardos, ლედი გაგა – ფილმში House of Gucci, კრისტენ სტიუარტი – ფილმში Spencer.

ფილმში House of Gucci, სიუჟეტი გუჩის მოდის სახლის დამფუძნებლის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. ლედი გაგა სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის – პატრიცია რეჯიანის როლს ასრულებს.

რაც შეეხება, Spencer -ს, ეს არის ბიოგრაფიული კინოსურათი, რომელშიც პრინცესა დაიანას ცხოვრების ის ეტაპია აღბეჭდილი, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება და სამეფო ოჯახიდან წასვლა დაგადაწყვიტა. დაიანას როლს ამერიკელი მსახიობი და შანელის მოდის სახლის გლობალური ელჩი, კრისტენ სტიუარტი ასრულებს.