67 წლის სუპერმოდელი იმანი ბრიტანული ვოგის 2023 წლის იანვრის ნომრის ყდაზეა. მიუხედავად იმისა, რომ იმანის კარიერა ჯერ კიდევ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო, ეს მისთვის ბრიტანული ვოგის პირველი გარეკანია. ფოტოგრაფი ნადინ იჯევერეა, ხოლო სტილისტი ქეით ფელანი.
სუპერმოდელმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორია იყო 67 წლის სამოდელო ინდუსტრიაში, “ობსესიური დამოკიდებულება ფიზიკურობისა და ახალგაზრდობის მიმართ დასავლური იდეოლოგიისა და სილამაზის სტანდარტების ნაწილია. მე აფრიკიდან ვარ, იქ ჩვენ მივესალმებით ასაკს და მის ფიზიკურ ნიშნებს. სადღაც ამოვიკითხე, რომ ბოლო 2 წელიწადში პლასტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა გაზრდილია, იმიტომ, რომ ადამიანები საკუთარ სახეებს ზუმში უყურებენ და არ მოსწონთ გამოსახულება. ეს სიგიჟეა! ღმერთო ჩემო, უბრალოდ კამერა აწიეთ ზემოთ!”
იმანი, რა თქმა უნდა, დევიდ ბოუის თემასაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ იმანმა და დევიდ ბოუიმ 1994 წელს იქორწინეს და ერთად დევიდის გარდაცვალებამდე იყვნენ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. დევიდი ყოველთვის იყო აქტიურად ჩართული ფერადკანიანთა მხარდასაჭერ აქტივიზმში, რაზეც იმანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, მქონდა თუ არა მე მასზე გავლენა. არასდროს, ის ყოველთვის ასეთი იყო.”
მომავალზე საუბრისას მოდელმა აღნიშნა, რომ არაფერს გეგმავს. “რაც უფრო და უფრო მემატება ასაკი, აღარაფერს ვგეგმავ. თუმცა მჯერა, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, ყველაფერი ბედისწერაა. ჩემი დევიდთან შეხვედრაც ასე მოხდა. მის ყველა კონცერტზე ვიყავი ნამყოფი ნიუ-იორკში. ერთხელ კულისებშიც დამპატიჟეს, თუმცა არ წავედი. ცოტა ხნის შემდეგ ორივე ლოს ანჯელესში ვიყავით, მე ვერ ვიტანდი ლოს ანჯელესს, ვერც ის. არც ერთმა არ ვიცოდით, რატომ ვიყავით ლოს-ანჯელესში, თუმცა ისე მოხდა, რომ მეგობრებმა ერმანეთს შეგვახვედრეს და ყველაფერი ასე დაიწყო. მჯერა, რომ ადრე რომ შევხვედრილიყავით, ერთად არ აღმოვჩნდებოდით.”