2020 წელი მოდის ინდუსტრიის უახლეს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა მაისის პირველ ორშაბათს ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება – Met Gala არ ჩატარდა. მიზეზი, როგორც უკვე იცით, მსოფლიო პანდემიაა. Met Gala მეტროპოლიტენის მუზეუმის ყველაზე მასშტაბური კოსტიუმირებული მიღებაა. ღონისძიება მუზეუმის დაქვემდებარებაში არსებული კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწიურ გამოფენას უძღვის წინ. ყოველ გამოფენას თავისი თემა აქვს, რომელიც მუდამ მნიშვნელოვანი და კონცეპტუალურია. თუმცა, 2020 წლის გამოფენა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

About Time: Fashion and Duration – სწორედ ასე ჟღერს კოსტიუმების ინსტიტუტის წლევანდელი გამოფენის დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ მას წინ არ უძღვოდა Met Gala, მეტროპოლიტენის მუზეუმის ადმინისტრაციამ ნაკლები ხმაურით, თუმცა, ჩვეული ესთეტიკით მაინც გახსნა გამოფენა.

A panoramic view of “About Time: Fashion and Duration” at The Met.

პანდემიურ მსოფლიოში, ინფორმაციის გავრცელების ძირითადი და ზოგ შემთხვევაში, უალტერნატივო საშუალება ციფრული პლატფორმებია. გამონაკლისი არც კოსტიუმების ინსტიტუტის ეს ღონისძიება აღმოჩნდა. ორგანიზატირები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ვიდეოების გაზიარების მთავარ პლატფორმა – Youtube-ს, იმისათვის, რომ ექსპოზიციის შესახებ ცნობადობა გაზარდონ. გამოფენა ისტორიული ექსპონატების საშუალებით, მოდის ინდუსტრიის 150-წლიან ისტორიას გვიჩვენებს. ექსპოზიცია აერთიანებს საკულტო დიზაინერების უნიკალურ კოსტიუმებს 1870 წლიდან, ამ დრომდე.

About Time: Fashion and Duration 29 ოქტომბერს გაიხსნა და 2021 წლის 7 თებერვლამდე გაგრძელდება. Met-ის წლევანდელი გამოფენის სპონსორი ცნობილი მოდის სახლი “ლუი ვიტონია”.