დემნა გვასალია არაერთხელ დაუდანაშაულებიათ დიზაინის მისაკუთრებაში. მან DHL-ის ზედა მოდის “must have” სამოსად აქცია, შექმნა იკეას დიზაინის ბალენსიაგას ჩანთები, ნიუ-იორკის სუვენირების კომპანიამ კი დიზაინის მოპარვის გამო უჩივლა კიდეც. მსგავსი პროდუქტების შთაგონების რეფერენსიები ყოველთვის ნათელია, მიუხედავად ამისა, დემნას არ ეშინია იყოს საკამათო. ამჯერად საუბარი ვეტმანის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში წარმოდგენილმა ზედამ გამოიწვია, რომელზეც ვკითხულობთ: “Corporate Magazines Still Suck A Lot”

წარწერა და ლუქის სტილი კურტ კობეინთან ასოცირდება. 90-იანების დასაწყისში გრანჟი პოპულარული მიმდინარეობა იყო, ხოლო ნირვანა ერთ-ერთი გამორჩეული გრანჟ ბენდი. 1992 წელს ბენდი ჟურნალის Rolling Stone ყდაზე მოხვდა, რომელზეც კურტ კობეინს ჯინსები, ჟაკეტი და თეთრი ზედა აცვია წარწერით: “Corporate Magazines Still Suck”

ვეტმანმა თავის ინსტაგრამზე ლუქის ფოტო გამოაქვეყნა შოუდან. პოსტს კომენტარებში ამერიკელი მომღერალი და კურტ კობეინის ცოლი, კორტნი ლავი გამოეხმაურა:

“რა ჯანდაბაა? მძულს ამ პოზიციაში ყოფნა. უკეთ უნდა იცოდეთ!”

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნირვანათი შთაგონებულმა დიზაინმა პრობლემები გამოიწვია: ბენდის წარმომადგენლებმა მარკ ჯეიკობს უჩივლეს ნირვანას საკულტო სმაილის ლოგოს გამოყენებისთვის Redux Grunge კოლექციაში. დიზაინერმა ბრალდება უარყო.