“მსოფლიოს ფილტრის საშუალებით ვხედავთ – ის სრულყოფილი, დახვეწილი, მოწესრიგებული, დაფოტოშოპებულია. ჩვენ შეულამაზებელსა და გადაკეთებულს, გულწრფელსა და ფარისევლურს, ხელშესახებსა და კონცეპტუალურს, ფაქტსა და ფიქციას, ყალბსა და უკიდურესად ყალბს შორის გაურკვევლობაში აღმოვჩნდით. ტექნოლოგია ალტერნატიულ სინამდვილეს და იდენტობებს ქმნის – ის ციფრული კლონებით სავსე მსოფლიოს აყალიბებს.”
“კლონები” – ასე ეწოდება Balenciaga-ს ახალ კოლექციას, რომლის ციფრული პრეზენტაციაც დღეს მოეწყო. დემნა გვასალიამ ფრანგული მოდის სახლისთვის გამართული თავისი ახალი ჩვენებით რეალურსა და არარეალურს შორის არსებული ზღვარი გააუფერულა და 2022 წლის გაზაფხულის კოლექცია კლონების მეშვეობით წარუდგინა იმიტირებულ აუდიტორიას.
“რასაც ონლაინ ვხედავთ სინამდვილეს არ შეესაბამება. რა არის ნამდვილი და რა – ყალბი?”
დემნა გვასალია
Quentin Deronzier-ის რეჟისორობით გადაღებულ დაახლოებით შვიდ წუთიან ვიდეოში შავებში შემოსილი ადამიანები გვასალიას ახალ ნამუშევრებს თვალს ელაიზა დუგლასზე ადევნებენ. შოუზე 44-ვე ლუქი ელაიზამ წარადგინა. ან უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ გვექმნება ამის ილუზია.
ელაიზა დემნასთან მას შემდეგ თანამშრომლობს, რაც ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკელი მხატვარი, რომელსაც მანამდე მოდასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, ბალენსიაგას შეუცვლელ სახედ იქცა და ჩვენებების გახსნის ან დახურვის პატივითაც მუდმივად სარგებლობს.
‘Deepfake,’ ფოტოგრამმეტრიის, CG სკანირების, 3D მოდელირების თუ როტოსკოპინგის ტექნიკების გამოყენებით ლუქები არა რეალურმა ელაიზამ წარმოადგინა, არამედ მისმა კლონებმა, რომლებიც იმდენად ჰგავდნენ რეალურს, რომ დემნას თქმით, თავადაც გაუჭირდა ნამდვილის ყალბისგან გარჩევა.
“ეს არის ჩვენება, რომელიც არასოდეს მომხდარა,” – სიცილით ამბობს გვასალია სარა მაუერთან ინტერვიუში. “თუმცა სამოსი ნამდვილია, ის მართლა შეიქმნა.”
კოლექცია დიზაინერის ხელწერად ქცეულ ‘სუპერსაიზ’ სილუეტებს, Gucci-სა და Crocs-თან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებს, ჰუდებს, თრენჩებს, ყვავილების პრინტიან კაბებს, დუტის ქურთუკებსა და სპორტული სტილის სამოსს მოიცავდა. “შეიძლება ითქვას, ეს დემნას გარდერობია,” – განაცხადა მან.
შავი დრამატული ლუქით გახსნილი ჩვენება წითელი საღამოს კაბით დაიხურა, რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რაც გვასალიასთვის სინათლისა და იმედის ნაპერწკალს გულისხმობს.
“ერთგვარი სამგლოვიარო მდგომარეობიდან, უფრო ნათელ სივრცეში გადანაცვლება მსურდა. სწორედ ამიტომ დავასრულე ჩვენება წითელი სადღესასწაულო კაბით.”
Balenciaga გაზაფხული 2022 – “კლონები”